მთავარისიახლეებიგამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცენდენტოა - ქარტია სანაიაზე

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცენდენტოა – ქარტია სანაიაზე

Published on

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ვახო სანაიას პატიმრობას ეხმაურება და გმობს ოცნების სადამსჯელო ზომებს ფორმულასა და მისი ჟურნალისტების მიმართ.

Facebook პოსტის გამო, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
“22 ივლისს სასამართლომ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას. ჟურნალისტს ხელბორკილები დაადეს ფეისბუქ პოსტების გამო, რომლებშიც მან არანორმატიული ლექსიკა გამოიყენა. პატიმრობას წინ უძღოდა მაღალი ჯარიმა, 6,000 ლარი, მსგავსი პოსტისათვის. ვახო სანაიას წინააღმდეგ საპატიმრო სასჯელი გამოიყენეს 2025 წლის ოქტომბერშიც, როცა მას ბრალად “გზის ხელოვნურად გადაკეტვა” წაუყენეს – მაშინ ჟურნალისტმა საპატიმროში 6 დღე დაჰყო.

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცენდენტოა – საქართველოში ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე ადმინისტრაციული პატიმრობით პირველად დაისაჯა. თუმცა ეს შემთხვევა, სამწუხაროდ, ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა ჯაჭვში მხოლოდ ერთ-ერთია. ქართული ოცნება უკვე რა ხანია მიზანმიმართულად ცდილობს ტელეკომპანიის დასუსტებას. შემზღუდველი კანონების შედეგად ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშ მყოფ ტელეკომპანიას უწევს რომ შეტევა შეტევაზე მოიგერიოს.

17 ივლისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა 5,000 ლარით დააჯარიმა, მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის, რომელიც “სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას” ეხება, საფუძველზე. კანონის ამ მუხლს კომუნიკაციების კომისია ყველაზე ხშირად იყენებს კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ, რათა მათ ახალი ამბების პროგრამებში ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის ედავოს, როგორებიცაა “ქართული ოცნების პრეზიდენტი”, “ქართული ოცნების პროკურატურა”, “ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, “რეპრესიული კანონები” და სხვა. მსგავსი ტერმინების, მათ შორის, “ივანიშვილის რეჟიმი”, “რეჟიმის პროკურატურა”, “რეჟიმის სასამართლო”, გამოყენებისთვის კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია მანამდეც, 21 მაისს, 2,500 ლარით დააჯარიმა. უფრო ადრე კი, 8 აპრილს, კომისიამ ფორმულა, სხვა ტელეკომპანიებთან ერთად, იმავე მიზეზით გააფრთხილა. მოქმედი კანონმდებლობა კომისიას საშუალებას აძლევს, შემდეგ ჯერზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ავტორიზაცია შეუჩეროს, ხოლო 3 თვის ვადაში პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ის საერთოდაც შეუწყვიტოს (მუხლი 73).

14 ივლისს სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული ოცნების მხარდამჭერის, გოგა ხაინდრავას, სარჩელი შაბათის ფორმულაში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასული რეპორტაჟების თაობაზე, და ფორმულა მისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10,000 ლარით დააჯარიმა.

პარალელურად, 2026 წლის 17 იანვარს გასული სიუჟეტის გამო, გამოძიებას აწარმოებს პროკურატურაც ცრუ დასმენის მუხლით, ფორმულას მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. სადავო სიუჟეტში წყარო ამბობს, რომ ხაინდრავას უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოჰყავდა ანგარებით, თანხის სანაცვლოდ. პროკურატურამ უკვე გამოკითხა შაბათის ფორმულას წამყვანი დავით ქაშიაშვილი, სიუჟეტის ავტორი ნატუკა ლომაძე და ოპერატორი მიშო მარტაშვილი.

ქართული ოცნების მიერ მიღებული რეპრესიული კანონები ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო ნორმებს და საუკეთესო პრაქტიკას.

„ქართულმა ოცნებამ“ მაუწყებლობის შესახებ კანონი სადამსჯელო ინსტრუმენტად აქცია, ხოლო კომუნიკაციების კომისია, რომელიც დამოუკიდებელი მარეგულირებელი უნდა იყოს, პარტიული ხაზის გამტარებლად და ცენზორად. ქართული ოცნების სამსახურში დგას სასამართლოც და პროკურატურაც.

საზოგადოებისთვის სრულიად ნათელია, რომ ვახო სანაია ისჯება არა კონკრეტული პოსტების, არამედ ქართული ოცნების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა და დაუმორჩილებლობის გამო. ქართული ოცნება მისადმი დაქვემდებარებული ინსტიტუციების მეშვეობით ლახავს სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპს და ცდილობს, გავლენა მოახდინოს სარედაქციო პოლიტიკაზე. ასევე იოლად იკითხება ქართული ოცნების განზრახვა, მართლმსაჯულება საზოგადოებრივი მონაწილეობის წინააღმდეგ და იმ მედიის შესავიწროებლად გამოიყენოს, რომელიც მაღალი საჯარო ინტერესის მქონე თემებს აშუქებს.

ორმაგი სტანდარტები მართლმსაჯულებაში, ცენზურა, უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმები და საპატიმრო სასჯელები ერთობლიობაში ქმნის რეპრესიულ გარემოს, აფერხებს მედიის ფუნქციონირებას, ასუსტებს თვითრეგულირების როლს და საზოგადოებას ართმევს უფლებას, იყოს ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, ფორმულას შაბათის გუნდსა და ტელეკომპანია ფორმულას თითოეულ თანამშრომელს – ადამიანებს, რომლებიც უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, პროფესიის ერთგულნი რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოების საკეთილდღეოდ მუშაობას.” – წერია ქარტიის გავრცელებულ განცხადებაში.

22 ივლისს, ფორმულას ჟურლანისტ ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

სიახლეები

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა

როგორც ევროკავშირის დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტთან დაკავშირებით...

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ძალადობის ბრალდებით დავაკავეთ-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ...

ცნობილი ხდება ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის ახალი დეტალები

ცნობილი ხდება ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის ახალი დეტალები | ინტერპრესნიუსი წერს, რომ თავდაპირველად...