თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ლაშა ფარულავამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ თბილისის მერს ეკისრება, რომელმაც თანამდებობა უნდა დატოვოს.
დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. კახი კალაძის მერიის უწყებების უპასუხისმგებლობას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე საზოგადოებას დაჰპირდა სრულყოფილ გამოძიებას, ამ დრომდე ამ საქმეზე არავის უგია პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მნიშვნელოვანი მოწმე, რომელმაც 112-ს წინასწარ აცნობა არსებული საფრთხის შესახებ, მის შეტყობინებას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, გამოძიებას კი ჩვენი ინფორმაციით არ გამოუკითხია.
საბოლოოდ, ყველაფერი მძიმე ადამიანური ტრაგედიით დასრულდა.
ამ ტრაგედიაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება კახი კალაძეს.
მან უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვოს დაკავებული თანამდებობა, ხოლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველა იმ პირს, რომლის ქმედებამ ან უმოქმედობამ ეს შედეგი გამოიწვია, – განაცხადა ფარულავამ.
ენმ-ს წევრმა მარიამ დოლიძემ ბოლო წლებში თბილისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები გაიხსენა და განაცხადა, რომ მათ საერთო მიზეზი აქვთ. მისი თქმით, ყველა მათგანი სწორედ ხელისუფლების გულგრილობის შედეგია.
16 წლის იოსები – რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე თხრილში, ჩავარდა და დაიღუპა. 13 წლის ნიკუშა – ავჭალაში ავარიული კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდა და გარდაიცვალა.
15 წლის დათუნა – წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
ეს არის იმ უმძიმესი ტრაგედიების მცირე ჩამონათვალი, რომელსაც საერთო მიზეზი აქვს – კახა კალაძის კორუფცია, გულგრილობა და ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობა!
თბილისს ჰყავს მერი, რომლის პირობებშიც ბავშვები იღუპებიან იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტად უნდა იყვნენ დაცულები – პარკში, სკვერში, საცხოვრებელ კორპუსში თუ საჯარო სივრცეში.
როდესაც საბიუჯეტო თანხები იხარჯება არაეფექტიანად, როდესაც პრიორიტეტი ადამიანების უსაფრთხოება კი არა, კორუფციული ინტერესებია, შედეგი არის სწორედ ასეთი უმძიმესი ტრაგედიები.
კახი კალაძე ცდილობს, თითოეული ასეთი ტრაგედია „უბედურ შემთხვევად“ წარმოაჩინოს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი უპასუხისმგებლობის შედეგი, იმ კორუფციული სქემების შედეგი, რომლითაც კალაძე ძარცვავს თბილისელებს!
ყოველი ასეთი შემთხვევა მოითხოვს არა მხოლოდ მორალურ, არამედ სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს პასუხი კითხვაზე – ვინ აგებს პასუხს იმ სიცოცხლეებზე, რომლებიც კახი კალაძის აღვირახსნილ კორუფციას შეეწირა!
მივმართავ კახა კალაძეს და ივანიშვილის კორუმპირებულ რეჟიმს – თქვენი ფულის სიყვარულის გამო სიკვდილია ყველა ფეხის ნაბიჯზე! კლავთ, თქვენი მომპარაობით და უპასუხისმგებლობით! შადრევანში ბავშვი, რიყეზე ბავშვი, ლიფტის შახტაში ბავშვი, სკვერში ბავშვი –
თანამდებობას, ფულს დახარბებული სერიული მკვლელები ხართ!, – თქვა მარიამ დოლიძემ.