ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების საკითხზე იმსჯელებს. 24 ივნისს დაგეგმილია ასამბლეის საზაფხულო სესიის სხდომა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება და კენჭი ეყრება რეზოლუციის პროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მდგომარეობას აფასებს.
სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, ამბობს, რომ მაგიდაზეა ნებისმიერი ტიპის მექანიზმი და მათ შორისაა სანქციები.
რეალობა არ შეცვლილა, ყველას ძალიან კარგად ესმის რა ხდება ქვეყნაში, ყველას ძალიან კარგად ესმის რა ტიპის რეჟიმს წარმოადგენს ქართული ოცნება… ყველაფერი არის მაგიდაზე, ყველაფერს განიხილავენ, ჩვენც ვხედავთ რომ, სანქციები აღმოჩნდა ეფექტური…”- ამბობს “საერთაშორისო გამჭივრალო საქართველოს” წარმომადგენელი, გიორგი ონიანი.
რეზოლუციის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული.
პროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივა მიუღებელია“.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის „დაუნდობელი ჩახშობის, ასევე ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად, საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შევიწროება, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენების გზით, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
რეზოლუცია წევრ სახელმწიფოებს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. სამოქალაქო საზოგადოება ამბობს, რომ მაგიდაზეა ნებისმიერი ტიპის მექანიზმი და მათ შორისაა სანქციები.
ანგარიშს -„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ – მომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) წარადგენენ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
Published on