“ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს “ქართული ოცნება” იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს პოლიტიკურ პატიმრებს, ანუ მძევლებს რეალურად და ევაჭრება დასავლეთს. დღევანდელი სხდომა შემთხვევითი არ არის, ეს ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ჩატარებული სხდომაა. იქნება შიდა ვაჭრობა, რომელიც „ქართული ოცნების” სურვილს უკავშირდება, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს, არა ახალი არჩევნებით, უკვე თავისი პირობებით ჩატარებული არჩევნებისაც ეშინია, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით… რეკომენდაციები მარტო დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ხომ არ ეხება? ტექნიკური თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ გასულია რეალობიდან. ევროპას კი არ ვჭირდებით ჩვენ, არამედ ჩვენ გვჭირდება ევროპა, უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით.
ჩვენ თუ რეკომენდაციებს არ ვასრულებთ, ევროპას დარდი რატომ უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქე ევროპაში ადვილად ჩავა თუ არა? ჩვენ უნდა გვქონდეს იმის დარდი და ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ ეს არ დავკარგოთ.
ევროპული ბიუროკრატიის იმედი მაქვს, რომელიც ნელა მუშაობს, რომ ვერ მოასწრებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ვიდრე ეს ხელისუფლება არის.
ეს ყველაფერი პოლიტპატიმრებისა და ტყვეების საქმეებია და ეს ერთიანი სავაჭრო ლოტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გამოაქვს და მაგიდაზე „დაახორაგებს“, რომ მოლაპარაკებები გაიმარტივოს. „შარლ მიშელი 2“ არ გამოვა, პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ყოფნის მუდმივს უფლებას ვერ მოიპოვებს” [IPN] – განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ: ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ბადრი ჯაფარიძე. სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა: ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე და მამუკა ხაზარაძე ოპოზიციის ლიდერების სასამართლო პროცესი 25 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომის თარიღი პროკურატურის მოთხოვნით, პროცესი დღეს გაიმართა, სადაც პროკურატურამ მტკიებულებების გამოკვლევა მოწმეთა დაკითხვებით დაიწყო. პროკურატურას კითხვები პარლამენტის დაზიანების, მისი საქმიანობის ხელის შეშლისა და პოლიტიკური პარტიების ოფისების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთებისა ნივთიერებებთან დაკავირშირებით ჰქონდა.
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი. გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.