პაპუნა ლოცულაშვილი, კაცი, რომელიც პოლიციელებმა გორში ჯგუფურად სცემეს, გვიან ღამით თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც რამდენიმე წუთის წინ კლინიკის ექიმმა მედიას განუცხადა, პაპუნა ლოცულაშვილი თავდაპირველად „ვივამედის“ კლინიკიდან თავისი ნებით გაეწერა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და კვლავ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
ნაცემ კაცს ამ ეტაპზე კვლევები უტარდება.
„პაციენტი იმყოფებოდა „ვივამედის“ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა კვლევები, მაგრამ პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარში დარჩენაზე, გაეწერა ბინაზე. ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა. ჩვენთან უტარდება კვლევები და კვლევებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას პაციენტი მოთავსდება სტაციონარში თუ გაეწერება ბინაზე. ტვინის შერყევა ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურებულა“,- განაცხადა მანანა ლობჟანიძე.
ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, გუშინ გვიან ღამით, პაპუნა ლოცულაშვილს სახლში თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რის შემდეგად გული წაუვიდა. სწორედ ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ნაცემი კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იქნა გადაყვანილი.