რატომ “ჩაკეტეს ცა” აბასთუმნის თავზე? – საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს.
საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით არ უქმდება მარშრუტები – ხდება საჰაერო ნაკადების მხოლოდ გადამისამართება.
საჰაერო ნავიგაციის ოფიციალური პასუხი ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.
აღნიშნული შეზღუდვის დაწესებისას სრულიად გათვალისწინებული იყო საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები, შესაბამისად, საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოება სრულად არის დაცული. შეზღუდვის დაწესებით საჰაერო მარშრუტები არ უქმდება, უბრალოდ ხდება საჰაერო ნაკადების გადამისამართება, რაც საერთო სურათს არ ცვლის. საჰაერო მარშრუტის შერჩევისას, ავიაკომპანიები მანძილის გარდა ითვალისწინებენ სხვა უმარავ ფაქტორს, როგორიც არის მეტეოპირობები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. აღნიშნული შეზღუდვა არ ეწინააღმდეგება თავისუფალი მარშრუტის კონცეფციას და პრინციპებს. შეზღუდული არეების არ განიხილება, როგორც თავისუფალი მარშრუტებისთვის გამოყენებულ არეებად, შესაბამისად ავიაკომპანიები მას გვერდს აუვლიან დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად”, – აცხადებს საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილე.
დღეიდან ძალაში შედის „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცის წესებს ცვლის და აბასთუმნის თავზე გარკვეულ ზონებში ფრენებს ზღუდავს.
ცნობილია, რომ ცვლილება ეხება იმ საჰაერო დერეფნებსაც, რომლებსაც საერთაშორისო ავიაკომპანიები ევროპასა და აზიას შორის გადაადგილებისთვის იყენებდნენ.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ცა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მუშაობის პირობების გაუმჯობესებისთვის იკეტება – ობსერვატორიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცის მაღალი ხარისხის ხილვადობა და მინიმალური ხელოვნური ზემოქმედება, რის გამოც საჭირო გახდა საჰაერო მოძრაობის შეზღუდვა აღნიშნულ არეალში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში იცვლება რამდენიმე ისეთი საერთაშორისო ტრასა, რომლებზეც ყოველდღე მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების ათეულობით სამგზავრო და სატვირთო ხომალდი ევროპასა და აზიას შორის დაფრინავს.
სახელმწიფო უწყებები საქართველოს საავიაციო სივრცის ნაწილის ჩაკეტვას იმით ამართლებენ, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას გამჭვირვალე ცა სჭირდება.