სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე და სხვა მედიასაშუალებებით გასული სიუჟეტის შემდეგ სამართალდამცველმა ორგანოებმა სამი პირი დააკავეს.
პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს “ეკო მედიკალ ჯგუფი”-ს და შპს “ეკოლოგია და სუფთა გარემო”-ს დირექტორმა, ქალაქ სამტრედიაში, ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობაში, მოაწყო სახიფათო ნარჩენების შენახვის უკანონო ობიექტი, სადაც დროებით განათავსა დიდი რაოდენობით ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში სამედიცინო ნარჩენები.
„სამართალდამცავებმა კომპანიის დირექტორი და ამავე კომპანიის თანამშრომელი, ასევე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომელი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა) წარედგინათ.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ადამიანის ამპუტირებული ნაწილები ყოფილი ფერმის შენობაში – რა ხდება სამტრედიის სოფელ მელაურში