BBC ფორმულასთან ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ე.წ. კამიტზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებულ სარჩელზე პასუხი უკვე გასცა.
BBC-ის სპიკერის განცხადებით, მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილ ჟურნალისტიკას.
“საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად, ვადასტურებთ, რომ მოსარჩელეს მათ კითხვებზე პასუხი უკვე გავეცით. ჩვენ მხარს ვუჭერთ BBC Eye-ის დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას და ჩვენს დამოუკიდებელ, საგამოძიებო ჟურნალისტიკას თბილისში მიმდინარე პროტესტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირების შესახებ” – თქვა ფორმულასთან BBC-ის სპიკერმა.
ცნობისთვის, ქართულმა ოცნებმა BBC-ს მიერ მომზადებულ მასალებთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოფიციალური საჩივრით 14 იანვარს მიმართა. ქართული ოცნება ტელეკომპანიას რამდენიმე ნორმის დარღვევას ედავება და მათგან მასალების აღებას და ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.