საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება – შესაბამისი განცხადება “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
კობახიძის თქმით, სტუ-ს რექტორსა და პროფესორებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად სტუ გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, იხურება ყველა ის ფაკულტეტი, რომელიც 90 წლამდე ტექნიკურ უნივერსიტეტში არ არსებობდა.
ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გარდა ამისა, “1 ქალაქი-1 ფაკულტეტი” პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად” – თქვა ირაკლი კობახიძემ სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ.
კობახიძის თქმითვე, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი ორი წლის განმავლობაში მილევად რეჟიმში დარჩება.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 90-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა. სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში.“- განაცხადა კობახიძემ.