მთავარისიახლეებიაშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

Published on

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი გია ბარამიძე, პარტია თავისუფლების მოედნის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე და კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეხვედრის შესახებ კომენტარები გააკეთეს.

“ვენესუელასთან და სირიასთან შესაძლებელია მუშაობა და აშშ-ის დახმარება, რომ მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება უკან წაიღონ. ამიტომ, შეხვედრაზე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს იყო.

ასევე იყო ზოგადი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან, ადამიანის უფლებებთან, ზოგადად რა სიტუაციაა, მათ შორის, ცხადია, პირველ რიგში კითხვები ეხებოდა გრანტებთან დაკავშირებით გუშინ დაანონსებულ ახალ რეგულაციებსაც, რომელიც, ჩემი აზრით, კონგრესიის დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამთხვიეს – და ამან რა პრობლემა შეიძლება შეგვიქმნას პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

მათ ინფორმაცია ყველაფერზე ჰქონდათ, უბრალოდ რაღაც დეტალები იყო, რომლებზეც ჩვენ მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია, იქიდან გამომდინარე, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რაც ხდება”. – თქვა ზურა ჯაფარიძემ.

კომენტარი გააკეთა გია ბარამიძემაც.

“ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ზუსტად ის მოვისმინეთ, რასაც ველოდით, რომ აშშ-ის ორივე პარტია საქართველოს მიმართ ისეა განწყობილი, როგორც უნდა იყოს – რომ მათ კარგად იციან საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, როგორი სახელმწიფო იყო საქართველო აქამდე და ის, დღეს ჩვენს ქვეყანაში რა მდგომარეობაა […]

“მნიშვნელოვანია, რომ აქ არიან კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლები. თვითონაც აღნიშნეს, რომ საქართველოს მიმართ რესბუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც ერთნაირი მხარდაჭერა და ენთუზიაზმი აქვთ”. – თქვა ენმ-ის პოლიტიკურმა მდივანმა.

შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა ლევან ცუცქირიძემ.

“მათ ჩვენი შეხედულებები გავაცანით. მთავარი, რაც აშშ-სგან გვინდა, არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად […] ჩვენი სურვილი და გეგმაა, რომ აშშ-სთან ის ურთიერთობა აღდგეს, რაც გვქონდა, მაგრამ ეს ქართული ოცნების პირობებში ვერ მოხდება”. – ამბობს ცუცქირიძე.

კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაფასა ბადრი ჯაფარიძემ.

“ჩვენი ამოცანაა, საქართველოსა და აშშ-ს შორის შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. აშშ-ს შეუძლია, ის ნაბიჯები გადადგას, რომელიც შესაბამის პირობებს შექმნის, რომ ის აღდგეს. ეს საქართველოს უსაფრთხოებისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია. საუბარი სწორედ ამაზე გვქონდა”. – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

28 იანვარს, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრების ორპარტიული დელეგაცია ჩამოვიდა.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე, გუშინ კონგრესიის დელეგაციის წევრები ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ.

სიახლეები

7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საქართველოს რეგიონებში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის...

ოცნებამ” ახალი რეგულაციები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამთხვია- ზურა ჯაფარიძე

"ოცნებამ" ახალი რეგულაციები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამთხვია" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის"...

საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირს-მარტა კოსი

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე "ევროსკოპის" კითხვაზე...

ქუთაისში პოლიციის შენობას ესროლეს

ქუთაისში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით ისროლეს - ფაქტს შსს...