მთავარისიახლეებიგიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა

Published on

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ბრალდებულის დედა Facebook-ზე წერს. თავდაპირველად დ.ჩ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული, ახლა კი, დედის ცნობით, არასრულწლოვანს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. პროკურატურას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ “პასუხისთვის დრო სჭირდებათ”.

“როცა ჩემი არასრულწლოვანი შვილი დანაშაულის დაფარვისთვის უსამართლოდ დაიჭირეს, მე როგორც დედამ სათანადოდ ხმა არ ამოვიღე, ეს აღმოჩნდა ჩემი უდიდესი შეცდომა და ჩემი შვილისთვის დამღუპველი!

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დააწერინა თავის პროკურორს ქეთევან სონიძეს შეკვეთილი ბრალი, რითაც შეინარჩუნა სკამი, ხოლო გიგა ავალიანის დედამ გააუქმა 17 იანვარს მის მიერ პროკურატურასთან დაგეგმილი აქცია. დღევანდელი პროკურატურის სახელმძღვანელო კოდექსი ასეთია – სკამის დაკარგვის შიშით და არა მტკიცებულებათა ერთობლიობით, პროკურორები წერენ შეკვეთილ ბრალებს!

საქართველოს გენერლაურო პროკურორო, თქვენ გამწარებულმა დედამ უსამართლობა გთხოვათ? არა, თუმცა საკუთარი სკამის შენარჩუნების შიშით ინციდენტის ადგილზეც რომ არ ყოფილა, ჩემს 17 წლის შვილს, თქვენი დავალებით ბრალი წაუყენეს გიგა ავალიანის მკვლელობისთვის, რაც შეანიღბინეთ 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას რომ ითვალისწინებს! ესაა თქვენი სამართალი?! უდანაშაულოსთვის აბსურდული ბრალის წარდგენა საკუთარი სკამის დაკარგვის შიშით?! დაზარალებულის უფლება მონაცვლის გაჩუმების ასეთი მეთოდებით გაქვთ?!

არ გაგივათ, შეგაკვდებით, მაგრამ ჩემი უდანაშაულოს შვილის ღირსებას დავიცავ ბოლომდე!!!

17 იანვარს, 16:00 საათზე თქვენს სკამს შეწირული არასრულწლოვანი შვილის დედა ვიწყებ საპროტესტო აქციებს საქართველოს პროკურატურასთან და უვადო შიმშილს თქვენი გადადგომის მოთხოვნით, არ გავჩერდები და ვერავინ ვერ გამაჩერებთ – ან სამართალი ან სიკვდილამდე ბრძოლა” – წერს სოფო ჩიქოვანი.

ახალგაზრდა მასწავლებელს ეჭვიანობის ნიადაგზე თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს – დანაშაულის შეუტყობინებლობას.

“დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო. დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა” – წერდა პროკურატურა.

გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის, ზემოთხსენებული დ.ჩ.

ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით. 17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.

სიახლეები

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...