უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის იმუშაოს ომის დასრულებაზე ამერიკის მიერ შეთავაზებულ გეგმაზე და ამ პროცესში მკვეთრ ან ემოციურ განცხადებებს არ გააკეთებს. შეხვედრა აშშ-ის დელეგაციასთან 20 ნოემბერს, გვიან საღამოს, კიევში გაიმართა. დელეგაციას პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენელი დენიელ დრისკოლი ხელმძღვანელობდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამერიკული სამშვიდობო გეგმა მიღებულია. დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, დოკუმენტი კიევისათვის სერიოზულ დათმობებს მოითხოვს, მათ შორის დონბასზე უარის თქმას და უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხვის შემცირებას.
ზელენსკის თქმით, ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა სრულად ჩამოყალიბებული ხედვა, ხოლო უკრაინის პოზიცია უცვლელია: ქვეყანას სჭირდება „ნამდვილი და ღირსეული მშვიდობა“, რომელსაც უზრუნველყოფს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა და რუსეთის მხრიდან მესამე შეტევის გამორიცხვა.
პრეზიდენტის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ გეგმის პუნქტების დამუშავებას.
ჩვენ არ გავაკეთებთ მკვეთრ შეფასებებს. გვჭირდება ნდობა, გამჭვირვალე მუშაობა და ერთობა — უკრაინას, აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებს შორის, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ მუდმივ კონტაქტშია ევროპელ ლიდერებთან და უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპთან საუბრის იმედი აქვს.
Financial Times-ის ცნობით, ვაშინგტონი ცდილობს, რომ შეთანხმებას ზელენსკიმ ხელი მადლიერების დღემდე (27 ნოემბერი) მოაწეროს, თუმცა კიევი ამბობს, რომ გეგმის რამდენიმე პუნქტი მათთვის „წითელი ხაზია“ და მზადდება ალტერნატიული წინადადებები.
მედიის ცნობით, 28-პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს:
• დონბასზე უკრაინის მხრიდან უარის თქმას;
• არმიის პირადი შემადგენლობის შემცირებას;
• ფრონტის ხაზის „გაყინვას“ რუსეთით ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონში.
უკრაინა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც კაპიტულაციად აღიქმება ან მოსკოვისთვის იქნება მომგებიანი.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა დაადასტურა, რომ გეგმის შემუშავება ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი. მისი თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება, ამიტომ დეტალებზე საჯაროდ არ საუბრობენ.
რუსეთის პოზიცია კი განსხვავებულია: კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ რუსეთს და აშშ-ს არანაირი ახალი წინადადება არ შეუთანხმებიათ და კონსულტაციებიც არ მიმდინარეობს.
20 ნოემბერს უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ონლაინ გამოაქვეყნა 28-პუნქტიანი გეგმის სავარაუდო ტექსტი, თუმცა ოფიციალურად დაუდასტურებელია, არის თუ არა ეს ამერიკული დოკუმენტის ავთენტური ვერსია.