“ოცნების” ინიციატივა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პოლიტიკა გაამკაცროს, უკვე გახდა კრიტიკის საგანი. ბავშვთა უფლებადამცველების ნაწილი აღნიშნავს, რომ მკაცრი მიდგომა შესაძლოა არასრულწლოვნებზე უარყოფითად აისახოს და პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავოს.
იურისტი გოგა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ მკაცრი მიდგომის ნაცვლად, სახელმწიფომ მოზარდების სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრაზე უნდა იზრუნოს. მისივე თქმით, ქვეყანაში ბავშვების საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი სერისები უნდა არსებობდეს.
თავად ბავშვი კი არ არის რისკის შემცველი, არამედ პრობლემურია ბავშვის ქცევები. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ერთის მხრივ, იმ სოციალურ-ეკონომიკური და კიდევ სხვა ფაქტორების აღმოფხვრასა და შესუსტებაზე, რაც ამ ტიპის ქცევებს იწვევს არასრულწლოვნებში და მეორეს მხრივ, უნდა არსებობდეს ძალიან მრავალფეროვანი, ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სერვისები, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ბავშვის გამოკეტვას რაიმე ტიპის დაწესებულებაში ან რაიმე ტიპის ინსტიტუციაში. ეს პრობლემას კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს. ამიტომ, სახელმწიფო მუდმივად უგულებელყოფდაიმ პრობლემებს და იმ ფაქტორებს, რაც იწვევს სწორედ ბავშის ასეთ ქცევას, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
ბავშვთა უფლებამდაცველი თამარ გაბოძე პირდაპირ ამბობს, რომ ეს არ არის ბავშვთა დახმარებისკენ მიმართული ინიციატივა და რეალურად, მათ დასჯას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის ბავშვთა უფლებების დაცვასთან.
რეალურად, ეს არ არის არასრულწლოვნების დახმარებისკენ მიმართული ინიციატივა, ეს არის იმ ბავშვების დასჯისკენ მიმართული ინიციატივა, რომელსაც ვერ სჯიან სისხლის სამართლის წესით. გათვალისწინებულია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომელიც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ გარკვეული გარემოებები არსებობს და არ არის დადასტურებული, ადამიანმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული, აი, ამ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით უნდა დასაჯონ ბავშვები. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ჩვენ გვახსოვს შარშან განცხადებები, რომ ვერ სჯიდნენ 14 წელს მიუღწეველ პირებს. ანუ, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი მოდელია, პირდაპირ წინააღმდეგობაშია ეს ბავშვის უფლებების დაცვასთან, – ამბობს თამარ გაბოძე.
კიდევ ერთი უფლებდამცველი ანა თავხელიძე ამბობს, რომ მოდელი, რომელზეც “ოცნება” მუშაობს, რეპრესიულია და არაფრით განსხვავდება ბავშვის სასჯელაღასრულებაში მოხვედრისგან.
მოდელი, რაზეც საუბრობენ, რეალურად, ეს არის შეფუთვა რეპრესიული მექანიზმის ამუშავების და შექმნის ბავშვებთან დაკავშირებით. ვერ დაწიეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზღვარი, თუმცა ეს შეიძლება, ჩაითვალოს როგორც განგაშის სიგნალი და ნიშანი იმისა, რომ აპირებენ, ამ საკითხსაც მიხედონ. აბსოლუტურად არაფრით განსხვავდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბავშის ყოფნისგან, გარდა ამ სამართლებრივი შედეგებისა და ვთქვათ, მცირე პროცესუალური საკითხებისა. საერთაშორისო სტანდარტი და პრაქტიკა არის, რომ პასუხისმგებლობის ასაკმა არ უნდა დაიწიოს, 14 წელი უნდა დარჩეს. ეს არის მინიმალური, რაც შეიძლება, სახელმწიფო გააკეთოს, – ამბობს ანა თავხელიძე.
ქვეყანაში მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულების მატების ფონზე “ოცნება” სასჯელაღსრულების პოლიტიკის გამკაცრებას აანონსებს. ივანიშვილის პარტიის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როცა არასრულწლოვანთა ჯგუფები მაღაზიებსა და სხვა ობიექტებზე ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებენ, ხოლო პასუხისმგებლობა, პრაქტიკულად, არ დგება.
ამ ვითარების საპასუხოდ “ოცნების” ხელისუფლება გეგმავს არასრულწლოვანთა გამოსასწორებელი და რეაბილიტაციის ცენტრების შექმნას, სადაც სავარაუდო დამრღვევებს ორი თვე მოუწევთ ყოფნა.