“ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა და ის თავად შედგა, როგორც დიქტატორი” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკა “ვივამედიდან” რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას ორი საფუძველი აქვს: ერთი ისაა, რომ ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი, სწორედ მიხეილ სააკაშვილია და მეორე ის, რომ ივანიშვილი სასოწარკვეთილად ცდილობს მიიქციოს დასავლეთის ყურადღება.
ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი საფუძველი – ერთი ისაა, რომ 13 წლის თავზე, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან, ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი, სწორედ მიხეილ სააკაშვილია. ეს განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის ნომერ პირველი მტერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში ახლა უკვე პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად. მათ გაბედეს და თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა არ ჩააბარეს მტერს. იბრძოლეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. ეს, რა თქმა უნდა, პირველი მიზანია ამგვარი მოქმედებების.
მეორე, ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, მიიქციოს დასავლეთის და კონკრეტულად აშშ-ის ყურადღება. გახსოვთ, აშშ-ის კონგრესში როგორ იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, როგორც “ვერ შემდგარ, უნიათო, დიქტატორზე”. ახლა დიქტატურის კონსოლიდაციით ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა და ის თავად შედგა, როგორც დიქტატორი. ცდილობს, დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკოს დასავლეთს და კონკრეტულად, აშშ-ს. აქ რაც ყველაზე მეტად მიკვირს ისაა, რომ ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ფულის თვლაში გაატარა, ვერ აცნობიერებს, რომ ლუკაშენკოსგან განსხვავებით, მისი პირადი ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის ფინანსები, მთლიანად დასავლეთზეა ჩამოკიდებული.
ამიტომ არის, რომ ივანიშვილი ვერასოდეს შეძლებს, ჰქონდეს ის სამომლაპარაკებლო პოზიცია დასავლეთთან და აშშ-სთან, როგორიც აქვს ლუკაშენკოს ან როგორიც შესაძლოა, მომავალში ჰქონდეს ვლადიმერ პუტინს, როდესაც ეს მოლაპარაკებები შედგება. ამგვარად, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი ამ სასოწარკვეთილ მოქმედებებზე, დიქტატურის კონსოლიდაციაზე, უნდა იყოს ბრძოლა, უნდა იყოს კიდევ უფრო სიმტკიცე, კიდევ უფრო მეტი ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია. უნდა იყოს ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის; სიმართლისთვის, რომელიც ჩვენ მხარეს არის, სიმშვიდისთვის, რომელიც ესოდენ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს. ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის დაბრუნებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამარჯვება, უდავოდ, ჩვენია და გამარჯვება აუცილებლად მოვა. ამისთვის აუცილებელია ჩვენი ერთიანი ბრძოლის გაგრძელება,” – თქვა თინა ბოკუჩავამ.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არც მათთვის, არც ადვოკატისთვის და არც ოჯახის წევრებისთვის ცნობილი არ იყო.
გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის ცნობილი არ ყოფილა. თავად პრეზიდენტ სააკაშვილს რა გარემოებაში აცნობეს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ან როგორ მოხდა მისი გადაყვანა, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ გვექნება. მხოლოდ ახლა შევიდა მასთან ადვოკატი. ესეც, რა თქმა უნდა, უმძიმესი პროცესუალური დარღვევაა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების შესახებ არ იცის ადამიანის ადვოკატმა და არც ოჯახის წევრებმა. თუმცა პროცესუალურ დარღვევებზე დიქტატურაში აქცენტის გაკეთება ჩემი მხრიდან არაადეკვატურობა იქნება,” – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, გუშინ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ციხეში, დღეს დილით ადვოკატები შევიდნენ.