სიღნაღში ავიაკატასტროფის ადგილზე 18 სამხედრო პირის ცხედარია ნაპოვნი. განცხადება ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
გელა გელაძის ინფორმაციით, ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული, 2 დაკარგულის ძებნა კი ახლაც გრძელდება.
სამაშველო ოპერაციაში ცოტა ხნის წინ ავიაცია ჩაერთო, გაზარდეს საგამოძიებო მოქმედებების არეალიც. გეკა გელაძის თქმით, მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან.
პირველ რიგში, მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, გუშინ, დაახლოებით 14:00 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კმ-ში განიცადა კატასტროფა. ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ეკიპაჟის წევრი. 18 მათგანი ნაპოვნია და, სამწუხაროდ, დაღუპულია, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში ვიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან. შევქმენით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართული არიან თურქი კოლეგები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობას იღებდნენ საგამოძიებო მოქმედებებში.
მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და თურქეთის მხარესთან ერთად, შეთანხმებით ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას დეტალებზე“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
თურქეთში კი გლოვაა – ავიკატასტროფის დროს დაღუპული სამხედროების ოჯახები სამძიმარს მთელი მსოფლიოდან იღებენ.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.