მთავარისიახლეებისაზოგადოებაკახა ალშიბაია - "კანონიერი ქურდის" კრიმინალური და არაკრიმინალური ბიოგრაფიის დეტალები

კახა ალშიბაია – “კანონიერი ქურდის” კრიმინალური და არაკრიმინალური ბიოგრაფიის დეტალები

Published on

31 ოქტომბერს საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე “სტაჟიანი” და უცვლელი “კანინიერი ქურდი”, 62 წლის ზუგდიდელი კახა ალშიბაია.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კახა ალშიბას ფილტვის კიბო ჰქონდა, მისი მდგომარეობა კი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაუარესდა. ცხადია, მდგომარეობას ციხის პირობები კიდევ უფრო ართულებდა, იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთის ციხეებში საკმაოდ კარგი პირობებია პატიმრებისთვის.

კახა ალშიბაია საფრანგეთში სასჯელს სხვა ქართველებთან ერთად, 2021 წლიდან იხდიდა. მოკლედ შეგახსენებთ იმდროინდელ ამბებს: საფრანგეთში ჩადენილი დანაშაულების გამო, ევროპის სხვადასხვაა ქვეყნის სამართალდამცავებმა, ინტერპოლის ეგიდით ჩაატარეს უნიკალური, ერთდროული სპეცოპერაცია, რომელიც სამი წლის განმავლობაში იგეგმებოდა. შედეგი მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა: სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად 65 ადამიანი აიყვანეს.

დაკავებულთაგან თითქმის ყველა კრიმინალური ვერტიკალის წარმომადგენლები იყო, ჩვენთვის კი ალბათ განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ 65 დაკავებულიდან 55 საქართველოს მოქალაქე იყო. ამის შემდეგ კახა ალშიბაია და კიდევ რამდენიმე ზუგდიდელი “კრიმინალური ავტორიტეტი” საფრანგეთში გადაიყვანეს და იქ გაასამართლეს.

სწორედ მას შემდეგ იხდის სასჯელს კახა ალშიბაია საფრანგეთის ქალაქ რენის ციხეში, სადაც საბოლოოდ, გარდაიცვალა კიდეც. კახა ალშიბაია წამალდამოკიდებულიც იყო და, როგორც მისი საახლობლო წრიდან ხდება ცნობილი, წამალდამოკიდებულების ხანგრძლივი სტაჟიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში დაახლოებით 0,5-0,7 გრ. “ჰეროინს” მოიხმარდა, რაც, საშუალო წამალდამოკიდებულების თვალსაზრისით, 4-5 წამალდამოკიდებულების დოზაა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მისი გარდაცვალების მიზეზი წამალდამოკიდებულება არ გამხდარა.

კახა ალშიბაიაზე საუბრისას, მის ამა თუ იმ თვისებაზე ხაზგასმის დროს, მისი ახლობლები განსაკუთრებულად უსვამენ ხაზს ორ რამეს, რითაც მის ნებისყოფასა და სიძლიერეზე, ავტორიტეტზე მიანიშნებენ:

“დაწყებული 1993 წლიდან, რაც მან “კანონიერი ქურდის” სახელი მიიღო, სიცოცხლის ბოლომდე ყოველგვარი “გაჩერებისა” და ჩამორთმევის გარეშე, ეჭვდაუსმელად ატარა ეს სახელი და “ქურდად” მოკვდა კიდეც, ამავე დროს, ის იყო ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა საშუალება, იმდენი ნარკოტიკი ჰქონოდა და გაეკეთებინა, რამდენიც უნდოდა, მაგრამ დოზის თანდათანობით ზრდის მიუხედავად, არასდროს მოსვლია ზედოზირება, რადგან ძალიან კარგად იცოდა, სად გადიოდა მისი ორგანიზმის ზედა ზღვარი.

ამის გარდა, როგორც წესი, სხვა წამალდამოკიდებულების გარემოცვაშიც კი, სხვა არასდროს სთავაზობდა მისი დოზიდან მცირე ნაწილს, რადგან მასში ნარკოტიკის უდიდესი დოზა იყო კონცენტრირებული.

ყოველთვის თან ჰქონდა გადადებული რაღაც ნაწილი, რომელსაც მეგობრებს და ახლობლებს აძლევდა, რათა ისინი “ლომკაში” (აბსტინენციის სინდრომი, – რედ.) არ დარჩენილიყვნენ, მაგრამ თავისთვის ყოველთვის ცალკე იმზადებდა ხოლმე…”, – გვეუბნება კახა ალშიბაიას ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

შეგვიძლია ისიც გავიხსენოთ, რომ კახა ალშიბაია საქართველოში ბოლოს 1998 წელს იყო ჩამოსული. მაშინ ის სენაკის აეროპორტში მოსკოვიდან შესრულებული რეისით ჩამოფრინდა, სადაც იმდროინდელი შს მინისტრის კახა თარგამაძის დაჯავშნული “მერსედესი” დახვდა. თავად მინისტრი აეროპორტში არ ყოფილა, მისმა მძღოლმა კი კახა ალშიბაია სენაკიდან ზუგდიდში ჩაიყვანა.

ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ჯდება კახა ალშიბაია შს მინისტრის მანქანაში, თვითმხილველმა გადაიღო და რეგიონში გაზეთ “ალიას” ჟურნალისტს მიაწოდა, ხოლო მისი გამოქვეყნება ქვეყნის მთავარ სკანდალად იქცა.

კახა თარგამაძემ ოფიციალურად უარყო ამ ფაქტთან კავშირი, მაგრამ ვერ ახსნა, რისთვის იყო ჩასული სენაკში მინისტრის მომსახურე ავტომობილი და მით უმეტეს, როგორ აღმოჩნდა ის სენაკის აეროპორტში. ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ “კანონიერი ქურდების” ავტორიოტეტს ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს თავად შს მინისტრებიც კი აღიარებდნენ.

შს მინისტრის მანქანით მგზავრობას თავად კახა ალშიბაიასთვის კრიმინალურ სამყაროში პრობლემები არ შეუქმნია, რადგან ავტომანქანას არანაირი პოლიციური ამოსაცნობი ნიშანი არ ჰქონდა და გაზეთში დაბეჭდილ ფოტოს კი იმის მტკიცებულებად, რომ “მერსედესი” შს მინისტრს ემსახურებოდა, “ქურდულ სხოდკაზე” ვერავინ მოიყვანდა, თუნდაც ძალიანაც სდომოდა კახა ალშიბაიას იმიჯის შელახვა.

თავად კახა ალშიბაია კი, რომც ეკითხათ, იტყოდა, რომ ახლობელს სთხოვა მანქანით დახვედრა და სხვა ყველაფერი ჭორი და “ინტრიგანი ჟურნალისტების” მოგონილია…

სხვათა შორის, კახა ალშიბაია იმ “კანონიერი ქურდების” პლეადას მიეკუთვნებოდა, რომლებსაც კონსერვატორებს ეძახიან და ძველი “ქურდული ტრადიციების” მიმდევრები არიან.

მართალია, თანამედროვე გადასახედიდან ნებისმიერი “ქურდული მენტალიტეტი” და “ქურდული წესრიგი” დრომოჭმულია და ნონსენსად აღიქმება, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც დაუწერელ კანონებს მისდევს და იცავს, “კონსერვატორები” საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ.

კახა ალშიბაია ზუგდიდში ცნობილ ოჯახში გაიზარდა. აწ გარდაცვლილი მამა, იმედი ალშიბაია ზუგდიდის ყველა დროის კოლორიტად, ენამჭევრ, განუმეორებელი იუმორის მქონეს პირად დარჩა ქალაქის საერთო მეხსიერებაში, კახას დედა კი, რომელსაც ყველანი სიყვარულით “მერი დეიდას” ეძახდნენ, უსათნოეს და ძალიან კეთილი გულის პატრონ ადამიანად.

სამწუხაროდ, ქალბატონი მერი გულით დიდ ტკივილს ატარებდა: კახა ალშიბაიას ორი ძმის – ავთოსა და ბაჩუკის სიკვდილის გადატანა მოუწია, დღეს კი ალშიბაიების ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ იმედისაც და მერისაც მხოლოდ იმაში გაუმართლათ, რომ მესამე შვილის სიკვდილს ვერ მოესწრნენ.

და კიდევ ერთი დეტალი: კახა ალშიბაიას დედამ მხოლოდ 1996 წელს, კახა ალშიბაიას “ქურდად კურთხევიდან” ორი წლის შემდეგ გაიგო, რომ “კანონიერი ქურდის” დედა იყო, რაც სულაც არ გახარებია, რადგან ძალიან კარგად იცოდა, ამ გზაზე შედგომა რასაც ნიშნავდა.

სიახლეები

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...

არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ მასალას პერსონალურ კომპიუტერში ინახავდა – შსს-მ 1 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2007...

რუსული გეგმა: რა განხორციელდა, რა დარჩა გასაკეთებელი და ვინ არიან კურატორები – გივი თარგამაძის ანალიზი

გივი თარგამაძე აქვეყნებს ვრცელ, ანალიტიკურ სტატუსს იმ რუსული გეგმის შესახებ, რომელიც კრემლში საქართველოსთან მიმართებაში...