რუსტაველის გამზირზე სისხლისსამართლებრივი ხულიგნობის მუხლით დააკავეს თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც პოლიციის მანქანის სახურავზე ავიდა. ამასთან დაკავშირებით იურისტი საბა ბრაჭველი წერს:
“ახლა ირკვევა, რომ ეს გოგო, თამარ ლორთქიფანიძე, სისხლისსამართლებრივი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
სსკ 239-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი ხულიგნობა არის “ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით”.
ვისზე იძალადა ამ გოგომ, მანქანაზე?
ვის დაემუქრა ძალადობით, სახურავს?
სამართლის მეორეკურსელმა სტუდენტმაც კი იცის, რომ თუნდაც შეურაცხმყოფელი ქმედება, თუ მას თან ძალადობა ან ძალადობის მუქარა არ სდევს, სისხლის დანაშაული კი არა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა – წვრილმანი ხულიგნობაა.
ადმინისტრაციული ბრალდებითაც შეეძლოთ 60 დღით იზოლატორში გამოკეტვა, მაგრამ კანონი ფეხებზე დაიკიდეს – ხუთ წლამდე ციხით თუ არ დაემუქრნენ, ისე როგორ გაიხარებენ ამათი ბოღმითა და ბოროტებით სავსე გვამები.
ჩალას ვინ სჩივის, განავალით გადაიხურა ეს ქვეყანა და ძალიან ვწუხვარ, რომ სუნი ჯერ ყველას არ სცემს” – წერს იურისტი საბა ბრაჭველი და ფოტოს აქვეყნებს.