მთავარისიახლეები4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი კიდევ 13 პირს წარუდგინეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი კიდევ 13 პირს წარუდგინეს

Published on

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ბრალდება კიდევ 13 პირს წარუდგინა. ისინი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 7 და 8 ოქტომბერს დააკავეს.

კობა ეპიტაშვილსა და საბა კორძაიას ბრალდება წარედგინათ სსკ-ის 225-ე მუხლის, მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გოჩა ყატაშვილს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილსა და გიორგი კირვალიძეს ბრალი სსკ-ის 19-222-ე მუხლის, მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ასევე 225-ე მუხლის , მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნანა სანდერს ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ვლადიმერ გველესიანმა, ნიკა გვენცაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გოჩა ყატაშვილმა, გურიელ ქარდავამ, ზურაბ ჭავჭანიძემ, კონსტანტინე კოკაიამ, სულხან აბრალავამ, ბექა ქელეხსაშვილმა და გიორგი კირვალიძემ სხვა პირებთან ერთად ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდების შესაბამისად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით იერიში მიიტანეს და ფიზიკურად დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ.

შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვადასხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ სამართალდამცველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა დაკავებულმა კობა ეპიტაშვილმა პოლიციელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო საბა კორძაიამ წესრიგის აღსადგენად ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ჩატარებული გამოძიებით ასევე იდენტიფიცირებულია ზემოაღნიშნული დანაშაულის ქმედების ჯგუფური ძალადობის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ნანა სანდერი, იგი სოციალური ქსელის გამოყენებით აქტიურად ახდენდა ძალადობრივი ქმედების ორგანიზებასა და ძალადობისაკენ მოწოდებას, უზრუნველყოფდა დანაშაულში მონაწილე პირთა საჭირო ეკიპირებისა და აღჭურვილობის შესაძენად საჭირო ფულადი სახსრების მობილიზებას, ასევე გასცემდა მითითებებს სამართალდამცველების წინააღმდეგ ეფექტურად დაპირისპირებისათვის საჭირო გარემოებებთან დაკავშირებით.

იგი კატეგორიულად მოითხოვდა სხვადასხვა ბრალდებულთა და მსჯავრდებულების გათავისუფლებას და სახელმწიფო დაწესებულებების შენობების საჯარო მოხელეებისგან დაცლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი, ცალსახად მოუწოდებდა თანამოაზრეებს 4 ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიმართ განეხორციელებინათ სასტიკი ხასიათის აგნარიშსწორებ”. – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, 13-ვე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ამ დროისთვის 36 ადამიანია დაკავებული.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...