ერევანში დაკავებულ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს, 28 წლის გიორგი კინოიანს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება, თუ მის საქმეში საქართველოს ხელისუფლება არ ჩაერევა.
რუსეთში გიორგი კინოიანი დამნაშავედაა ცნობილი (რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის გამო უკრაინის მხარეს), ის დაუსწრებლად გაასამართლეს და 7 წლით პატიმრობაც დაუსწრებლად მიუსაჯეს. ეს შარშან მოხდა:
25 ოქტომბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა საქართველოს 28 წლის მოქალაქე გიორგი კინოიანი და, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის, მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
კინოიანი “ქართულ ლეგიონს” 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნებაყოფლობით შეუერთდა. ლეგიონი რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული და მისი ჯარისკაცები დაქირავებულ მებრძოლებად ითვლებიან. თუმცა, ოფიციალურად ლეგიონი უკრაინის სამხედრო ძალების ნაწილადაა აღიარებული. „კინოიანმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში სხვადასხვა ადგილებში. დაქირავებული მებრძოლის მიერ მიღებული ანაზღაურების ოდენობა დაახლოებით 155 ათასი რუბლის ექვივალენტია“, – იუწყება TASS რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით.
უცნობია, რა მიზეზით დააკავეს გიორგი კინოიანი ერევანში, უცნობია ასევე, ექნება თუ არა რეაგირება დაკავების ფაქტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მანამდე კი საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელებში მსჯელობენ, როგორ შეიძლება გამოვიხსნათ დაკავებული კინოიანი ისე, რომ მტრის ხელში არ აღმოჩნდეს და რუსეთში ექსტრადირებას გადაურჩეს. ამ მიზნით ისინი აპირებენ სომხეთის პრემიერის სახელზე პეტიცია შეადგინონ და ნიკოლ ფაშინიანს გუგზავნონ.
დამატებითი დეტალები გიორგი კინოიანთან დაკავშირებით:
🔴 გიორგი თბილისელია, 28 წლის. უკრაინაშია 2022 წლის მარტიდან, იყო გმირულად დაღუპული ნიკა შანავას მეგობარი, უკრაინაში იცნობენ, როგორც პატრიოტ, პოზიტიურ ადამიანს და შესანიშნავ მებრძოლს. მის წინააღმდეგ რუსეთის სასამართლოს განაჩენი ძალაშია 2024 წლის ოქტომბრიდან, დაუსწრებლად მიესაჯა 7 წელი, რის შემდეგაც იძებნება და მან ეს ძალიან კარგად იცოდა.
🔴 გიორგი სახალხო პროტესტის აქტიური მონაწილეცაა, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ჩვენი ჯგუფი მოხალისეებთან ერთად, ანტისაოკუპაციო პატრულირებაზე დადიოდა შიდა ქართლის სოფლებში, ბაზით ატოცში. ამას გარდა, აქტიურად მონაწილეობდა რუსთაველზე მიმდინარე თითქმის ყველა აქციაში, თბილისში ჰქონდა პატარა სამხედრო მაღაზია და დემონსტრანტებს ამარაგებდა აირწინაღით, სამუხლეებით და სხვა ლეგალური, საჭირო ნივთებით, რის გამოც ძალოვნების მიერ კონტროლზეც იყო აყვანილი.
🔴 მნიშვნელოვანი დეტალი: გიორგიმ ზუსტად იცოდა, რომ სომხეთს აქვს ხელშეკრულება რუსეთთან, ერთობლივი სასაზღვრო პასპორტ-კონტროლის შესახებ, აქედან გამომდინარე, მინიმუმ, ეჭვს იწვევს მისი დაკავება ერევანში…
🔴 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ჩემი ინფორმაციით, გიორგიმ აიღო აშშ-ის ვიზა და უახლოეს მომავალში იქ წასვლას გეგმავდა. აქედან გამომდინარე, მისი ერევანში დაკავება კიდევ უფრო ბუნდოვანი და საეჭვო ხდება…
- ლაშა ბერულავა