მთავარისიახლეებისაზოგადოებაბატონო ელჩო, მოგმართავთ თხოვნით, დაარწმუნოთ ევროპელი ლიდერები, არ გაგვიუქმონ ვიზალიბერალიზაცია - ზვიად...

ბატონო ელჩო, მოგმართავთ თხოვნით, დაარწმუნოთ ევროპელი ლიდერები, არ გაგვიუქმონ ვიზალიბერალიზაცია – ზვიად ცეცხლაძე

Published on

სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც ის ევროკავშირის ელჩს მიმართავს.

ცეცხლაძე თავის წერილში თავისუფლების ფასზე, დასავლური ცივილიზაციის მნიშვნელობაზე და საქართველოს ევროპულ მომავალზე საუბრობს.

ცეცხლაძის თქმით, საქართველოსთვის ევროპული გზა ისტორიული არჩევანია და მისთვის მიუღებელია ქვეყნის „რკინის ფარდის მიღმა“ აღმოჩენა. ის ელჩს სთხოვს, რომ ევროპელმა ლიდერებმა არ დაუშვან ვიზალიბერალიზაციის გაუქმება და საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევება.

„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“ – არც თუ ისე შორეულ წარსულში ეს სიტყვები გახდა შემართების ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დღეს მე აქ, ამ რეალობაში მომახვედრა.

თანამედროვე ევროპის ისტორია, რომელშიც დღეს თქვენ იმყოფებით, მრავალ სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ქვაკუთხედს აერთიანებს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არასდროს ყოფილა მხოლოდ დადებითი და სიკეთის მომტანი. შეცდომა ინდივიდის და შეცდომა სოციუმის, მრავალ წარმატებას თან სდევდა კეთროვანი მეგზურის სახით.

თავისუფლება ინდივიდის თუ თავისუფლება სოციუმის, არცთუ ისე მრავალკუთხოვან ტრადიციას ქმნის დასავლეთში. სწორედ ამგვარ ბრძოლებში, მრავალი ჩაგრულის ბრძოლის ისტორია აყალიბებდა დასავლური აზროვნების კულტურას.

თაობათა მძიმე და უსამართლო ბრძოლებს ეწირებოდნენ ერთეული ინდივიდები და ამავე ინდივიდების მიერ შექმნილი სოციალური წრეები, რომლებიც გაბატონებულ კლასებს ებრძოდნენ, მრავალი თავგანწირვის – ბრძოლის თავდადებული მაგალითებით, რომელთაც სწამდათ, რომ თავისუფლების გარეშე ცხოვრებას თავისუფლების მოპოვების გზაზე სიკვდილი სჯობდა.

როდესაც კაცობრიობა პირველი მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვა, მისი დასასრული ზოგისთვის თავისუფლების საბოლოო გამარჯვებად იქნა აღქმული, რომლის დასასრულს თან ახლდა ევროპაში ახალი დემოკრატიების ჩასახვა და ძველი მონარქიების ნგრევა, მაგრამ მალევე აღმოცენდნენ ახალი სისტემები, რომლებმაც მთლიანად უგულებელყვეს მანამდე არსებული მონაპოვარი – ადამიანი.

ახალმა სისტემებმა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წარმატებით მიითვისეს ადამიანის სასიცოცხლო ყველა ასპექტი. სოციალურ-ეკონომიკური და პირადი ცხოვრების მოსპობით მიღებულმა განუსაზღვრელმა ძალაუფლებამ, მოიპოვა საყოველთაო მორჩილება. როცა ევროპელთა ერთი ნაწილი (მცირე) თავის ნუგეშს იყო მიცემული და ამგვარ მოვლენებს ერთი ინდივიდის ახირებებს აბრალებდა, მეორე ნაწილი მყარი და დამანგრეველი ძალის მქონე სოციუმს აყალიბებდა. მაშინ “ცივილურმა ევროპამ” კონტინენტური ევროპის ნაწილზე მძიმე კომფორმიზმით (მეტიც, თანამონაწილეობის გზით) გზა გაუხსნა ფაშიზმის აყვავებას, რომლის შემდგომი საფრთხეების არიდებაც არაერთი სიცოცხლის მოსპობის ფასად დაუჯდათ.

„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“. ეს გემი მძიმე და მძლავრ ზღვაზე არა დღეს, არამედ „აიეტისა და ფარტაძის“ დროსაც იდგა, მაგრამ ზღვა, რომელიც შორი იყო და გადაულახავი ჩანდა. დაახლოვდა, როდესაც ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია.

პირველად კი ამ გემს შტორმიან ზღვაში საბა გაჰყვა, მაგრამ მაშინდელმა ევროპამ არ დაუშვა ჩვენი პატარა გემი თავის ნავსაყუდელში.

ევროპა – ეს იდეაა თავისუფლებისა.

ევროპამ მიაღწია მრავალ სოციალურ და ეკონომიკურ აღმასვლას, რითაც შეძლო „ადამიანის“ წინ წამოწევა, მაგრამ როცა ევროპაში დანტემ შექმნა „ღვთაებრივი კომედია“, ეს ევროპული იდეალები ჩვენთან უკვე გააზრებული იყო „ვეფხისტყაოსნის“ სახით.

როდესაც ევროპული იდეა დგას ისეთ საწყისებზე, როგორიცაა ათენის დემოკრატია, რომის სამართალი და ქრისტეს მორალი, რომლის ქვემდებარედ უნდა მივიჩნიოთ საქართველოსთვის ზურგის შექცევა?!

მთელმა კაცობრიობის ისტორიამ მხოლოდ ერთი ცივილიზაცია შექმნა, რომლის საფუძველიც დასავლური აზროვნების კულტურაა და ჩვენც ვართ ამ ცივილიზაციის თანაავტორები, თუნდაც იმით, რომ გვყავდა რუსთაველი, ვაჟა, ილია და დღეს ყოვლად დაუშვებელია ამ მემკვიდრეობით დავეშვათ ფსკერზე.

„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“ – ამ სიტყვების გაჟღერებისას ხომ ნათელი იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პორტრეტი, ის, რომ ამ მოსახლეობის ნაწილი „საბჭოთა საქართველოში“ არის დაბადებული? ნუთუ ეს არ არის ერის ტრამვა?! განა რთულია ამ მძიმე იარების დანახვა, რაც გაგვაჩნია და რაც ასე გვიშლის ხელს ამ გემზე ნიჩბის მოსასმელად?!

ჩვენი აწმყო, როგორც წარსული, ჰგავს დავითისა და გოლიათის შერკინებას.

ათობით ადამიანი პირად თავისუფლებას იმიტომ ვწირავთ, რომ ერთი ვარსკვლავი, ლურჯ მშვიდობისფერ დროშაზე ჩვენი ქვეყნის სახითაც ამოიქარგოს, მაგრამ ის „იზოლაციის“ პერსპექტივა რას გვიქადის, თუ არა რკინის ფარდის მიღმა აღმოჩენას, სადაც ერთხელ უკვე პირისპირ მარტონი დავრჩით ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ბოროტ ძალებთან.

ბატონო ელჩო, მოგმართავთ თხოვნით, დაარწმუნოთ ევროპელი ლიდერები, არ გაგვიუქმონ ვიზალიბერალიზაცია და არ გაგვაძევონ ევროსაბჭოდან.

გაახსენეთ ის თითოეული ახალგაზრდა, რომელიც ევროპის ჰიმნით ეგებებოდა მარბიელ რაზმებს. გაახსენეთ, თუ რაოდენ ღირსეულად ეჭირა ქართველ ქალს ერთიანი ევროპის დროშა და გაახსენეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური საზოგადოების ერთადერთ ჭეშმარიტებად კვლავ რჩება სიტყვები – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ – წერს ზვიად ცეცხლაძე.

სიახლეები

რა მოხდება შემდგომ თვეებში? – ნიკა გვარამია სუსის უფროსად მამუკა მდინარაძის დანიშვნას ეხმიანება

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მოძრაობა 'ახალის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ციხიდან ეხმიანება სუსის ხელმძღვანელად მამუკა...

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ 25 წლის თეკლა გერსამიას აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე...

კანადა უკრაინას 700 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო ტექნიკასა და მასალას გადასცემს

უკრაინა სექტემბერში კანადის დახმარების პაკეტიდან, რომლის ღირებულება 1 მილიარდ კანადურ დოლარს (700 მილიონ აშშ...

დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს-საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით...