მთავარისიახლეებისინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ექიმმა წამალი მხოლოდ...

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ექიმმა წამალი მხოლოდ იმიტომ არ მისცა, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებდა

Published on

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ექიმმა წამალი მხოლოდ იმიტომ არ მისცა, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებდა. კარცერში კი იმიტომ ჩასვეს, რომ “საკნიდან უსამართლოდ გატანილი ნივთები” მოიკითხა.

კიკნაძე წერს, რომ ციხის თანამშრომლებმა იმითაც დასაჯეს, რომ ორი კვირაა თანამესაკნე აღარ ჰყავს.

‘ოდიშინიუსი’ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
,,მოგესალმებით ჩემო საყვარელო ზუგდიდრლებო, ჩემო თანამებრძოლებო…
ბრძოლის მთავარი მონაპოვარი ის კი არ არის თუ რა შედეგით დასრულდება იგი, არამედ ხალხია ვისაც ამ ბრძოლაში იძენ, ვისაც ენდობი, ვისთანაც ერთიანდები და ვისთან ერთადაც მზად ხარ მთები გადადგა. ასეთები ხართ თქვენ ჩემთვის. რატომ ვიქნებით და ვართ ჩვენ აუცილებლად გამარჯვებულები იცით? იმიტომ რომ სიმართლის მხარეს ვდგავართ. პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი და რაც არ უნდა მოხდეს ისტორია მაინც სწორად შეაფასებს და არაფერს დაივიწყებს. ყველაზე დიდი მსაჯული სწორედ ისტორიაა, რომელიც თავის ადგილს მიუჩენს ცრუსაც და მართალსაც. ჩვენს შვილთაშვილებს არ შერცხვებათ არქივში ჩახედვის, განსხვავებით მათგან ვინც დანებდა, სახლში დარჩა და განზე დგომა არჩია. არ შერცხვებათ რადგან მათი წინაპარი ხმას იღებდა, მოქმედებდა, წინააღმდეგობას უწევდა და ებრძოდა მტერს, ტირანს, დავითი იყო და არა გოლიათი…

ზოგიერთი გმირად გვთვლის და საერთოდ არ მინდა ამაზე კამათი მოგივიდეთ ვინმესთან. მე პირადად გმირად არ ვთვლი საკუთარ თავს. ვარ ჩვეულებრივი ადამიანი ჩემი დადებითი და უარყოფითი თვისებებით და გავაკეთე ის, რაც მევალებოდა, რაც ყველა ქართველის ვალი იყო. ჩემთვის გმიერი თქვენ ხართ, ვინც პირველი დღიდან დღემდე დგახართ ბრძოლის ველზე, არ ნებდებით, კვლავ აგრძელებთ ბრძოლას მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა და იმედს მაძლევთ რომ ქვეყანა გადარჩება.

ბოლოს სასამართლოდან იმის გამო გამაძევეს რომ ამბრისი ხელაია ვახსენე, შენს პროცესთან კავშირში არ არისო…. ამბროსი იყო კათალიკოსი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართული ეკლესიის გარუსების წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა და როდესაც კომუნისტებმა დაიჭირეს ბრალდებაში იცით რა ეწერა? ზუსტად შემდეგი სიტყვები: ,,პროვოკაცია”, ,,კონტრრევოლუცია”, ,,მთავრობის გადაბრუნება” და ,,უცხო სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაჭერა”, ხომ არაფერს გაგონებთ?

სასამართლოზეც იმის გამო ვახსენე, რომ მეჩვენებინა 100 წლის მერეც არაფერი შეცვლილა და კვლავ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით გვასამართლებენ რუსები საქართველოში. ახლა უბრალოდ ტერმინები შეცვალეს და ,,უცხო სახელმწიფოს” ნაცვლად დიფსთეითს ახსენებენ. ქართული ოცნების ამომრჩეველს ალბათ თოვლის ბაბუისაც სჯერა…

მაგრამ არაუშავს, 1944 წელს ფაშიტებიც ფიქრობნენ, რომ სულ ისინი იქნებოდნენ მწვერვალზე და არაფერი დაემუქრებოდა მათ ძალაუფლებას. უდანაშაულო ებრაელებს როგორ ბუზებივით ხოცავდნენ, ხვრეტდნენ და წვავდნენ საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ერთი წლის შემდეგ აქეთ ასამართლებდნენ და ხვრეტდნენ იმავე ფაშისტ გერმანელებს. ძალაუფლება წარმავალია, ჩადენილი დანაშაული კი რჩება სამუდამოდ!

შეიძლება ვიღაც ფიქრობს, ერთ მათეს მიუსაჯეს და რა უჭირსო. ასე მიუსჯიან ერთ ლუკას, ერთ ონისეს, ერთ თორნიკეს, ბოლოს კი მოვიხედავთ და ქვეყანა გვექნება უკვე დაკარგული. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ადამიანისთვის. ერთი ადამიანიდან იწყება აღზევება, ისევე როგორც დაღმასვლა. ასე რომ არ ეფიქრა ოსკარ შინდლერს ამდენ ებრაელს კი ვერ გადაარჩენდა და ისტორიაშიც ვერ შევიდოდა. სწორედ მისი პრინციპი იყო ის რაც ყველამ უნდა გავითავისოთ: ,,ვინც გადაარჩენს ერთ ადამიანს, გადაარჩენს მთელ ქვეყანას”. თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ისევე როგორც თითოეულის თავისუფლება.

ზოგჯერ შემომიტევს ხოლმე ნიჰილიზმი და დაწუწუნება მინდება, მაგრამ მაშინვე მერაბ კოსტავა მახსენდება, თუ რა გამოიარა, რამდენ რამეს გაუძლო და დაწუწუნების და ჩივილის უფლებას არ ვაძლევ თავს. სწორედ მერაბის და ანწუხელიძისნაირი პატრიოტები მაძლევენ მოტივაციას და ძალას. არ შეიძლება რომ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ რუსებმა გაიმარჯვონ და ვერც გაიმარჯვებენ. ის ალქაჯი კი ამბობს, უაზროდ განწირული სიცოცხლეო. უაზრო მისი ცხოვრებაა, სიცოცხლის შემდეგაც მხოლოდ წყევლით თუ გაიხსენებენ, არც სადღეგრძელოს იტყვის მასზე ვინმე და ყვავილებსაც არავინ მიიტანს მის საფლავზე, აი კოსტავა და ანწუხელიძე კი ყოველთვის უკვდავები იქნებიან.

კედელზე მაქვს მერაბის შემდეგი სიტყვები გაკრული, რომელსაც ყოველდღე ვუყურებ: ,,ჩვენ გავიმარჯვებთ! მართალია ეს ნაბიჯი არის საფრთხით აღსავსე, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ!”

არჩევანი ყველას აქვს, მონებსაც კი. შეიძლება მონიბასა და სიკვდილს შორის, მაგრამ ხომ აქვთ? ჩემს გვერდით კი ხართ ადამიანები, ვისაც მონობას სიკვდილი გირჩევნიათ, ამიტომ ვერ დაგვამარცხებენ. მონობას კი არასდროს ერქმევა მშვიდობა!

უსამართლობის და სიბნელის წინააღმდეგ იბრძოლეთ ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებათ: სამსახურში, ტრანსპორტში, მაღაზიაში … მე სამოქმედო არეალი შემიმცირეს, მაგრამ როგორც და სადაც შემიძლია ვცდილობ ამოვიღო ხმა იმაზე, რაც არასწორია, თუნდაც ამისთვის ბევრს შევძულდე.

აი მაგალითად, აქაური ქოცი ექიმის კაბინეტში მთელი საათი გაუჩერებლად დავცინოდი და გაუნათლრბელ უვიცებად ვნათლავდი ყველას, ვისაც 13 წლიანი ერთპარტიულობა ანუ დიქტატურა ნორმალურად მიაჩნდა და ოლიგაქრი ბიძინა უყვარდა.

ექიმმა იმით დამსაჯა რომ წამალი არ მომცა, მაგრამ სახეზე რომ შევხედე დასჯილს ის უფრო ჰგავდა.

საკანში ხელჩართული ჩხუბი მომივიდა ქოცურ არხებზე ინტენსიურად გადართვისა და რუსული სიმღერების მოსმენის გამო, რა თქმა უნდა ეს ორივე ამორალური რაღაც მე ავკრძალე. დამსაჯეს იმით რომ მარტო დამტოვეს აქაურმა ოფიცრებმა და ორი კვირაა თანამესაკნე აღარ მყავს. რთულია აქ მარტო, მაგრამ გადავიტან, პირიქით უფრო მაძლიერებენ ყოველი შეზღუდვით. კარცერში ჩამიყვანეს იმისთვის რომ პასუხებს ვითხოვდი საკნიდან უსამართლოდ გატანილ ნივთებზე. მაშინვე ვუთხარი, კარცერდი კი არა კუბოშიც რომ ჩამსვათ თქვენ მაინც ვერ იქნებით ჩემზე თავისუფლებითქო.

საკუთარი თავი დიდად არ მაღელვებს , ახლა რა დროს პერსონალური ფიქრებია, გთხოვთ ქვეყანას უშველეთ და გამოიხსენით რუსული რეჟიმის მსახურთა მარწუხებისგან. მჯერა რომ ერთად დგომით და ერთიანი შეტევით ეს შეგვიძლია. არანაირი კომპრომისი მოღალატეებთან, ჩახერგეთ გზები უკან დასახევი. არ დაემსგავსით ლერწამს, რომელიც სუსტია და იქით გადაიხრება საითკენაც ქრის ქარი, იყავით მტკიცენი და ურყევნი. მიყვარხართ ყველა ვისაც საქართველოს ბედი გადარდებთ. მდლობა რომ სწორ მხარეს დგახკართ!”- წერს რეზო კიკნაძე.

სინდისის პატიმრის წერილს დროას წევრი მარიამ სიჭინავა ავრცელებს

 

სიახლეები

როგორ შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ? – ზურა ჯაფარიძის წერილი

რივე მშობელი ისე წავიდა, რომ წესიერად ვერ დავემშვიდობე - ამის შეასხებ ზურა ჯაფარიძე ციხიდან...

საია-საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია გდდ-ის თანამშრომლების იდენტიფიკაციაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 17 ივლისს სასამართლო პროცესზე მოწმე გდდ-ს თანამშრომლების მიერ გაკეთებულ განცხადებას...

პოლიციელმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოქალაქეს ოქრო მოპარა, ის დავაკავეთ-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი...

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით თავდაცვის ექს მინისტრი ლევან იზორია იკითხება

ჩორჩანას საქმეზე, პროკურატურაში გამოკითხვაზე თავდაცვის ექს მინისტრი, ლევან იზორია მივიდა. ექს მაღალჩინოსანმა გამოძიებას უნდა...