სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის მიღება მოითხოვა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
“2025 წლის ივნისში ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით მოგვთხოვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების – წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების შესახებ, ასევე ინფორმაცია ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით.” – განაცხადეს მათ.
NGO-ების თქმით, სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიიღო. ისინი არ აპირებენ დამატებითი დოკუმენტების გაგზავნას, რადგან საჭირო ინფორმაცია მათ სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდზე საჯაროა და ყველას შეუძლია გაეცნოს.
“სააპელაციო სასამართლომ, რომლის თავმჯდომარე აშშ-სა და ბრიტანეთისგან სანქცირებული ჩინჩალაძეა, ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება სულ ცოტა 10 კანონის დარღვევით გამოიტანა. მოთხოვნები, მათ შორის, ეწინააღმდეგება: საქართველოს კონსტიტუციას; პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას; უფლებადამცველთა კონფიდენციალობის საერთაშორისო სტანდარტებს; ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ მოქალაქეების და არა ივანიშვილის მიმართ. ჩვენს საქმიანობასთან, ფინანსებთან, პროექტებთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რისი გასაჯაროებაც არ იკრძალება კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობებით, შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს ვებ გვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ამიტომ ჩვენ მათ დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით.” – თქვეს მათ ჟურნალისტებთან.
არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ისინი არ აპირებენ “რუსული კანონებით ცხოვრებას” და აგრძელებენ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად.