სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა – რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.
რომეო მიქაუტაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია ცნობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგიდან გახდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რომეო მიქაუტაძე 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ იყენებდა.
“რომეო მიქაუტაძე უკანონო დახმარების სანაცვლოდ კონკრეტული პირებისგან ენერგო კომპანიებსა და ჰესებში საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული” – თქვა სუს-ის წარმომადგენელმა.
მისივე ცნობით, რომეო მიქაუტაძეს ძვირადღირებული უძრავი ქონება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც უფიქსირდება და მისი ქონებრივი მდგომარეობა დეკლარაციებში არ არის ასახული.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რ.მ.. 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში რ.მ.-ს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობები ეკავა. რ.მ. თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების სანაცვლოდ მათგან ენერგო კომპანიებში, ჰესებში, საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული.
აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად, რ.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო. პირადი სარგებლის მიღების მიზნით, იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით, ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო, ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა. ის ამას ზოგჯერ ფიქციურადაც ახორციელებდა, რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელს და ქონებრივ სიკეთეს იღებდა. ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად, რ.მ-ს ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ, მილიონობით ლარით გაიზარდა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დიდი ოდენობით უკანონო, არადეკლარირებულ შემოსავალს იღებდა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში არ ასახულა. გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 6 000 ევროდ შეძენის ფაქტი.” – განაცხადა სუს-ის წარმომადგენელმა.
“პირველების” ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს ხელბორკილები გასულ ღამე დაადეს და ამ წუთებში ის სუს-ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურად წარდგენას ედავება.
იქამდე, ვიდრე რომეო მიქაუტაძეს დააპატიმრებდნენ, 2023 წელს “შაბათის ეთერმა” ექსკლუზივი მოიპოვა. გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა დაადგინდა, რომ ყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც ხელისუფლებაში თბილისში ნაჩუქარი ერთი საცხოვრებელი სახლით, 20 კვადრატული მეტრის მანსარდით და ბათუმში 7 კვადრატული მეტრი ფართით მოვიდა, დღეს დიდ ქონებას და დიდ ფულის ფლობს.
როგორ გახდა ღარიბაშვილის ძმაკაცი და ნათელ-მირონი, რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო კუთვნილი მიწების მფლობელი შუამავლების და ფიქტიური გარიგებების საშუალებით?
სამეგრელოში, სოფელ ჩხორიაში 133 ათას 190 კვადრატული მეტრი მიწა ახლა უკვე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის საკუთრებაა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის კომპანიამ ეს ქონება სახელმწიფოსგან 2022 წლის 29 ივნისს აუქციონის გარეშე იყიდა. (კვადრატული მეტრი ერთ ლარად და 12 თეთრად).