ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 10-12 ივნისს გამართულ ადამიანის უფლებათა სხდომაზე შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების პროგრესი. კომიტეტმა საქართველოს მიმართა, წარადგინოს ინფორმაცია იმ დამატებითი შესაძლო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს გამოძიების ხარვეზების სრულად აღმოსაფხვრელად, მათ შორის, გამოძიების შედეგებზე დამოუკიდებელი საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობის უზრუნველყოფით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების შესახებ მოსაზრებებს რეგულარულად წარუდგენს, კომიტეტის გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მათი ლეგიტიმური ინტერესების მრავალწლიანი უგულებელყოფის მიუხედავად, კვლავ გააგრძელონ სამართლიანობის აღსადგენად და მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სათანადოდ გამოსაძიებლად.
2023 წლის 19 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი) პროცედურული ნაწილის დარღვევა არაეფექტიანი და ხარვეზიანი გამოძიების გამო. სასამართლომ ვერ დაადგინა სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა, რადგან გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა არაერთგზის მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების განახლებისა და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით. გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო დადგენილება გამოძიების განახლებაზე უარის შესახებ.
„ჩვენი შეფასებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და გამოძიებას კვლავ აქვს რესურსი საქმისთვის საკვანძო საკითხის დასადგენად — იყო თუ არა საჭირო ლეტალური ძალის გამოყენება სპეცოპერაციის ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების განმარტებითი ბარათის (notes to the decision) თანახმად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა (რომელიც მსჯელობაში უმეტესად პროკურატურის პირველად გამოძიებას სათანადოდ ჩატარებულად წარმოაჩენდა) ვერ წარმოადგინა მკაფიო და დამაჯერებელი არგუმენტები გამოძიების არგანახლების გადაწყვეტილებაში. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დადგენილება გამოძიების განახლებაზე უარის შესახებ ზემდგომ პროკურორთან გავასაჩივრეთ, საჩივარი პასუხგაუცემელი დარჩა. შედეგად, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის სასამართლო კონტროლი გამოძიების შედეგებზე კვლავ მიუწვდომელია“, — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
SJC-ის შეფასებით, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც მიუთითებს გამოძიების არგანახლების გადაწყვეტილებაზე საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსასრულებად არა მხოლოდ არ არის საკმარისი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების არგანახლების შესახებ გადაწყვეტილება, არამედ აუცილებელია, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მიეცეს შესაძლებლობა, პროკურატურასა და სასამართლოში გასაჩივროს გამოძიების არგანახლების შესახებ გადაწყვეტილება. ამ უფლებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ დაზარალებულის სტატუსის მქონე პირები არიან აღჭურვილნი.
შესაბამისად, SJC-ის თანახმად, იმისთვის, რომ კომიტეტის მითითება შესრულდეს, საქართველო ვალდებულია, განაახლოს გამოძიება და თემირლან მაჩალიკაშვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი. ხოლო შემდგომ, თუ პროკურატურა მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა შეწყდეს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ექნება შესაძლებლობა, გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივროს, ხოლო შემდეგ — სასამართლოში.
„მინისტრთა კომიტეტმა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაყრდნობით, ზოგადი ღონისძიებების გატარებაც დაავალა. კერძოდ, საქართველომ უნდა წარადგინოს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს გამოძიების ფარგლებში საიდუმლოდ ცნობილი ინფორმაციის დაზარალებულისთვის გადაცემის დაგვიანების თავიდან აცილებას. აგრეთვე, საქართველო ვალდებულია, კომიტეტს აცნობოს, რა ღონისძიებები გატარდა, ან გატარდება სპეციალური საპოლიციო ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების სათანადოდ დოკუმენტირებისთვის. კომიტეტის გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მათი ლეგიტიმური ინტერესების მრავალწლიანი უგულებელყოფის მიუხედავად, კვლავ გააგრძელონ სამართლიანობის აღსადგენად და მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სათანადოდ გამოსაძიებლად“, — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების წარმომადგენლობას და აპირებს, კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კიდევ ერთხელ მიმართოს პროკურატურას გამოძიების განახლების, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა და საქმისთვის კრიტიკულად აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით.