მთავარისიახლეები37 წევრი ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებულ ვითარებაზე ეუთო-ს მიმართავს

37 წევრი ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებულ ვითარებაზე ეუთო-ს მიმართავს

Published on

37 წევრი ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებულ ვითარებაზე ეუთო-ს მიმართავს.

ერთობლივ განცხადებაში ქვეყნები ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავენ. მათი თქმით, “ქართული ოცნება” დემოკრატიულ და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს შორდება.

ქვეყნების განცხადებით, შეშფოთების საგანია: სამოქალაქო სივრცის საკანონმდებლო შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღება და პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება, ანგარიშვალდებულების არარსებობა, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ დაუდგენელი ჯგუფების მიერ არაპროპორციული ძალადობის გამოყენება, ასევე, წინასწარი პატიმრობის ზედმეტად ხანგრძლივი პერიოდები და წინასწარი პატიმრობის ქვეშ მყოფ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

განცხადებაში საუბარია “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონზეც და აღნიშნულია, რომ ქვეყნები იზიარებენ ODIHR-ის შეფასებას, რომ ეს კანონი შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას.

“ეს კანონი არ ეხება გამჭვირვალობას, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოებაზე კონტროლის გამკაცრებას. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მომავალი ადგილობრივი არჩევნების გათვალისწინებით”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზეც. ქვეყნების განცხადებით, აუცილებელია, რომ საარჩევნო ჩარჩოში ნებისმიერი ცვლილება ზრდიდეს გამჭვირვალობას და საზოგადოების ნდობას, ხოლო რეფორმები განხორციელდეს ინკლუზიური დიალოგის გზით და ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად.

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც ძირს უთხრის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, მათ შორის ცვლილებებით სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში. ცვლილებები ძირს უთხრის თანასწორი საარჩევნო უფლების პრინციპს და ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, როგორც ეს აღნიშნულია ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის შესაბამის დასკვნებში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს მათი რეკომენდაციები”, – წერია განცხადებაში.

ქვეყნები ეხმაურებიან ჟურნალისტების მიმართ მუქარისა და დაშინების მზარდ შემთხვევებს.

“სახალხო დამცველის 2024 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიში ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან შემცირებას, რასაც ამწვავებს შემზღუდავი კანონები, როგორიცაა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები და ჟურნალისტების მიმართ მზარდი მტრული დამოკიდებულება. აღსანიშნავია, რომ იყო ინციდენტები, როდესაც პოლიციის მიერ ჟურნალისტები სამიზნედ იქცნენ საპროტესტო აქციების გაშუქებისას, მათ შორის იყო ფიზიკური შეურაცხყოფა და აღჭურვილობის ჩამორთმევა. გარდა ამისა, ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტების სამიზნედ ქცევის შესახებ ცნობებმა და მაღალი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების ნეგატიურმა რიტორიკამ კიდევ უფრო შეარყია მედიის თავისუფლება და გაზარდა რისკები ჟურნალისტებისთვის. მოვითხოვთ ამ პრაქტიკის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა თვითნებურად დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მათ შორის მზია ამაღლობელის, რომელიც კვლავ პატიმრობაშია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნების საუბრობენ პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულების არგამოძიებაზეც.

“ჩვენ არ გვინახავს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივი ვადების გადაჭარბებული გამოყენებისა და დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობები.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მოქალაქეთა უფლებების დასაცავად და ჩაატაროს საფუძვლიანი გამოძიება 2024 წლის 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ძალის გამოყენების შესახებ, რათა პასუხისგებაში მიეცეს ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელი პირები. ამის არგაკეთება კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოების ნდობას საქართველოს ინსტიტუტების მიმართ” , – წერია განცხადებაში.

ქვეყნები იმეორებენ, რომ “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელმა ქმედებებმა საქართველო კიდევ უფრო დააშორა დემოკრატიას.

“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რათა მოიძებნოს მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტილებები მიმდინარე კრიზისიდან… ჩვენი ურყევი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი რჩება. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ სწრაფვას და მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, რათა უზრუნველვყოთ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სრულად დაცვა” , – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს: გერმანია, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და უკრაინა

სიახლეები

“ანწუხელიძე უკვდავია” – ღამით წულუკიანის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა

გუშინ ღამით მოქალაქეები პროტესტის ნიშნად თეა წულუკიანის საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები გიორგი ანწუხელიძის...

“ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ “უაზროდ განწირული”, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა? და ქვეყნის ღალატის ტოლფასი?” -ზურაბიშვილი

"ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ "უაზროდ განწირული", კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა?...

ნიკა გვარამია პროკურატურაში დაიბარეს

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ "კოალიცია ცვლილებისთვის" კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დაიბარა -...

“პროკურატურა” მიბარებს წულუკიანთან რატომ არ მიხვედიო – ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პროკურატურაში დაუბარეს, თუმცა როგორც ჯაფარიძის სტატუსიდან ირკვევა,...