“ქართული ოცნება” 2004 წლის არჩევნების გაყალბებას იძიებს. მაშინ, როცა დასავლური სამყარო ტოტალურად გაყალბებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, “ოცნება” 21 წლის წინანდელ მოვლენებს სწავლობს. თეა წულუკიანი და სოზარ სუბარი ვარდების რევოლუციიდან 21 წლის შემდეგ ადგენენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეს, ზურაბ ჭიაბერაშვილს ჰქონდა თუ არა ხელი სწორად მოწერილი ყველა საბუთზე.
გარდა 2004 წლის არჩევნებისა, “ოცნება” ამტკიცებს, რომ გაყალბდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც, სადაც, მათი თქმით, ცესკომ მეორე ტური ლევან გაჩეჩილაძეს მოპარა. ივანიშილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ პარასკევს პარლამენტში ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ნათია მოგველაძე დაიბარონ.
ეს არის ის საჩივარი, სადაც „ლეიბორისტულმა პარტიამ“ უჩივლა სახელმწიფოს. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა დარღვევა და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე, შევახსენებ ყველას, ეს ის საპარლამენტო არჩევნებია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ჩენს ქვეყანაში ხელისუფლებაში, აი, ასეთი არჩევნებით მოვიდა, სადაც 60 ათას ადამიანს წაართვეს ხმის უფლება. ვინ ხელმძღვანელობდა ცესკოს 2004 წლის 28 მარტს? ეს გვჭირდება ჩვენ აუცილებლად, – თქვა სხდომაზე წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა სხდომაზე სტრასბურგში, ასამბლეაზე, 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გერმანელი დეპუტატის გამოსვლა გაიხსენა და მას სამარცხვინო და მიკერძოებული უწოდა.
მე გახლდით სტრასბურგში რამდენიმე დღის წინ და გერმანელი დეპუტატი შვაბე წამოდგა ასამბლეაზე და განაცხადა სამარცხვინოდ, ვეთანხმები იმ მოსაზრებასო, რომ 2024 წელს საქართველოში არჩევნების დღეს არჩევნები არ გაყალბებულაო, მაგრამ არჩევნების შედეგები პრობლემაა იმის გამო, რაც ხდება არჩევნების შემდეგ ქუჩაშიო. ეს არის სამარცხვინო განაცხადება და ანგაჟირებული პოლიტიკურად და მიკერძოებული, – თქვა წულუკიანმა.
საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე დაიბარებენ იმ პირებსაც, ვინც 2008 წელს ხელისუფლებაში იყვნენ. იგეგმება ნიკა გვარამიას და ბათუ ქუთელიას გამოკითხვაც. გარდა ამისა, აგვისტოს ომის საკითხზე შესაძლოა, დაიბარონ საიას წარმომადგენლებიც.
თეა წულუკიანმა ყველას გამოკითხვაზე მისვლისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიმუქრა, რომ უმკაცრესად დაისჯებიან.
“ცეცხლს ნუ ეთამაშებით! ვისაც დაგიბარებთ პარლამენტში, უნდა მოხვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებით!, – თქვა თეა წულუკიანმა.