უკრაინაში ზავის მომზადებასთან დაკავშირებულ დეტალებზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს დავით ბატაშვილი, რომელიც პერიოდულად, ძირფესვიანად მიმოიხილავს და “ფეისბუქზე” აქვეყნებს რუსეთ-უკრაინის ომის, ამ ომში უკრაინის დახმარებაში აშშ-ის როლისა და სხვა ეპიზოდების შემცველ ინფორმაციას.
დავით ბატაშვილი წერს:
“ბოლო სადღაც 8 თვე მიჩვეული ვარ, რომ ქართული პუბლიკა რეალობას დაშორებულია კოსმოსური მანძილებით. ეს მანძილები კვლავაც იზრდება, იმიტომ რომ რეალობა წინ მირბის, ხოლო ქართული პუბლიკა – არა. მაგრამ, უკრაინის ზავის მომზადება აქ ისეთ დაბნეულობას იწვევს, რომ მაგის ყურება თვალს სტკენს. ამიტომ – მოკლედ ომზე, ამერიკაზე. რუსეთზე, უკრაინაზე და საქართველოზე.
1. ომში ამ დროისთვის რუსეთის მკაფიო დამარცხება შეუძლებელი გახდა დასავლეთის ომში პირდაპირი ჩართვის გარეშე. 2022-2023 წლებში იყო შესაძლებელი, მაგრამ ამერიკამ უარი თქვა ამის მოღწევაზე, და უკრაინას მაშინ მიაწოდა გადარჩენისთვის საკმარისი დახმარება, და არა გამარჯვებისთვის. ისინი, ვინც ათწლეულები გარწმუნებდნენ, რომ “პატარა და მანევრული” ჯარი საკმარისია – იდიოტები არიან. ცოცხალი ძალის რაოდენობა ისეთივე მნიშვნელოვანია ახლანდელ სახმელეთო ომში, როგორც ყოველთვის იყო.
რუსეთს ამაში უპირატესობა აქვს, და ომის საწყისი ეტაპისგან განსხვავებით ახლა უკვე ის ამ უპირატესობას იყენებს. უფრო მეტიც – ის ჯერ არ ატარებს მორიგ დიდ მობილიზაციას, რადგან მალე მოსალოდნელია ომის გაჩერება. ზავი რომ ჩავარდეს, ის ამ მობილიზაციას ჩაატარებს. ასეთ პირობებში 1991 წლის (2014 წლის თებერვლის) საზღვრებზე საუბარი შეუძლებელია.
ამასთან, რუსეთს ბევრი პრობლემა აქვს. სანქციები სახიფათოდ აზიანებს ეკონომიკას. ახალი მობილიზაციის ჩატარება ძვირადღირებული იქნება რეჟიმის სოციო-პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ფრონტზე წინსვლა რუსებს აქვთ, მაგრამ ძალიან ნელი, და ნამდვილ გარღვევას ვერ აღწევენ. ზავზე უკომპრომისო უარი რომ თქვან, ამერიკამ შეიძლება უკრაინის დახმარება გაზარდოს.
უკრაინას უფრო მეტი პრობლემა აქვს, და, რაც მთავარია, ის დამოკიდებულია ამერიკის დახმარებაზე. ხოლო ამერიკის პრეზიდენტ ტრამპს ომის დასრულება სურს. ჯამში ყველა ეს ფაქტორი უახლოეს თვეებში ომის გაჩერებას მოსალოდნელს ხდის. ეს გაჩერება მოხდება ტერიტორიული კომპრომისით. მისი ზუსტი დეტალები მოლაპარაკებისას გაირკვევა, მაგრამ ცხადია, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი დარჩება რუსული ოკუპაციის ქვეშ. არსებობს შანსი, რომ ზავი ჩავარდება რუსების უკომპრომისო პოზიციის გამო, მაგრამ ამჟამად რაც ჩანს – ომის გაჩერება უფრო სავარაუდოა.
2. ამერიკას აქვს ჭიდილი ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან. ეს ჭიდილები ცალ-ცალკე წარმოიშვა, მაგრამ გაერთიანდა იმის გამო, რომ ბოლო სამი ქვეყნის რეჟიმებს საერთო მტერი ჰყავთ ამერიკის სახით. არანაირი იზოლაციონიზმი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში არაა.
1930-იანი წლების ამერიკის იზოლაციონიზმი მდგომარეობდა იმაში, რომ ის უარს ამბობდა თავის მტრებთან ჭიდილში ჩართვაზე. ახლა ის უკვე იმყოფება ამ ჭიდილში. ამ ჭიდილის წარმოების კონკრეტული ხერხები ნაწილობრივ განსხვავდება სხვადასხვა საპრეზიდენტო ადმინისტრაციებს შორის. ნაწილობრივ – იგივე რჩება.
ახლანდელი საერთაშორისო ვითარების არსი სწორედ ეს ჭიდილია. ის გრძელდება იმის მიუხედავად, რამდენჯერ დაელაპარაკება და შეხვდება ტრამპი პუტინს და სი ძინპინს. ცივი ომის დროსაც ლაპარაკობდნენ და ხვდებოდნენ და “განტვირთვაც” ჰქონდათ. ცივი ომი ამით არ გაჩერებულა. ის გაჩერდა მხოლოდ მაშინ, როცა ერთ-ერთმა მხარემ ვეღარ შეძლო მისი გაგრძელება, რითაც მოწინააღმდეგე გამარჯვებული დატოვა.
3. რუსეთი, ომის გაჩერების შემთხვევაშიც, შეინარჩუნებს თავისი საგარეო სტრატეგიის მიზნებს. ეს მიზნებია ამერიკის მსოფლიო პირველობის დასრულება და რუსული იმპერიის ახალი ფორმით აღდგენა. რუსეთი გააგრძელებს ამ მიზნების დევნას კონკრეტული ქმედებებით. ეს გაგრძელდება, სულ მცირე, სანამ მას ახლანდელი რეჟიმი მართავს.
4. უკრაინამ, 1939-1940 წლების ფინეთის მსგავსად, მოახერხა სუვერენიტეტის გადარჩენა, მაგრამ ვერ მოახერხა ყველა ტერიტორიის შენარჩუნება. თუკი უკრაინა აირიდებს უკონტროლო პოლიტიკურ კრიზისს ზავის შედეგად, და ომის შემდეგ გააგრძელებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მას კარგი შანსები აქვს როგორც შემდგომშიც შეინარჩუნოს სუვერენიტეტი, ისე დაიბრუნოს ტერიტორიები მომავალში.
ყველა ჭიდილი დიდ სახელმწიფოებს შორის ერთხელაც მთავრდება. როგორც წესი, ის მთავრდება ერთ-ერთი მხარის მარცხით, რასაც ზოგჯერ მისი სახელმწიფოს კრახი მოსდევს. ეს ამერიკა-რუსეთის ჭიდილსაც ეხება.
5. საქართველო ახლა არის ჩინეთის, რუსეთის და ირანის მხარეს, ამერიკის წინააღმდეგ. თუკი საქართველო ისევ იქნება მაგ მხარეს რუსეთ-უკრაინის ომის გაჩერების მომენტში, ის მანდვე დარჩება სულ მცირე უახლოეს წლებში. არის ფაქტორი, რომელმაც ვერ ჩააღწია ქართული პუბლიკის ტვინებში ეს ბოლო 3 წელი: რუსული ჯარი, მთლიანად, კამჩატკიდან კალინინგრადამდე, ომობს უკრაინასთან.
ეს ნიშნავს, რომ ამ ჯარს ფიზიკურად არ შეუძლია საქართველოს ოკუპაცია, სანამ ეს ომი გრძელდება, და ფიზიკურად შეეძლება ეს როცა ომი გაჩერდება. ომის დასრულების მომენტში საქართველოში რომ ყოფილიყო დემოკრატიული ხელისუფლება, მას ექნებოდა ბევრი ინსტრუმენტი და ფაქტორი რუსეთისგან უსაფრთხოების მისაღწევად. შეიძლებოდა საქართველოს უსაფრთხოების თემის ჩართვა ომის დასრულების მოლაპარაკებებში. შეიძლებოდა ამ თემის დალაგება დასავლეთთან. ასევე – თურქეთთან. ამის გარდა, ომის დასრულების საკვანძო მოტივი რუსეთისთვის არის სანქციების შემსუბუქება.
თუ ერთ ქვეყანაში დაასრულებენ ომს და უმალვე მეორეში დაიწყებენ, სანქციები, შემსუბუქების ნაცვლად, გაძლიერდება. ჯამში, საქართველოში დემოკრატიულ ხელისუფლებას კარგი შანსები ექნებოდა რუსული სამხედრო აგრესიის პრევენციისთვის უკრაინის ომის შემდეგ. თუკი ომის დასრულების მომენტში საქართველოში ისევ ივანიშვილის რეჟიმი იქნება, რუსული ჯარი გახდება მისი არსებობის გარანტორი.
რუსეთიც და ივანიშვილის რეჟიმიც ერთად, კოორდინირებულად, სპეციალურად გააკეთებენ ისე, რომ ეს ასე იყოს. ჯარის შემოყვანაც არ დასჭირდებათ. მაგით პირდაპირი და რეალისტური მუქარა საკმარისი იქნება აქაური რეჟიმის დასაცავად.
ამის შედეგად, აქ რეჟიმის დამარცხება მოკლე ვადაში შეუძლებელი გახდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ. ერთადერთი გზა რეჟიმის დასამარცხებლად არის ქართველების მიერ მასობრივად იმის გააზრება, რომ:
1. ქვეყანა ახლა უკვე რეალურად იმყოფება ოკუპაციაში.
2. არავითარი სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს.
3. რეჟიმის ძალაუფლება მთლიანად, 100%-ით ემყარება მის ფიზიკურ ძალას. ჩემთვის აშკარაა, რომ უმეტესობას ეს გააზრებული არ გაქვთ. და, აქ რომ გიყურებთ, რაღაც სახეებზე დიდად ვერ გატყობთ, რომ გაიაზრებთ – ან საერთოდ როდისმე, ან, მით უმეტეს, საკმარისად მოკლე ვადებში”, – აღნიშნავს დავით ბატაშვილი.