საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე და რეპრესიებე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ბოლო ორ დღეში უკანონოდ დაკავებული მომიტინგეების შესახებ და ასევე 10-11 იანვარს თბილისში გამართულ სასამართლო პროცესებზე ისაუბრა.
გიგაურის შეფასებით, პროცესებზე ადგილი უამრავ დარღვევას ჰქონდა, რის შესახებაც მათ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე მიაწოდეს.
გუშინ დაკავებული იქნა რამდენიმე პირი. სულ 16 ადამიანი, აქედან ბათუმში 7 და თბილისში 9 ადამიანი. 11 იანვარს ბათუმში დაკავებული იქნა 10-ზე მეტი ადამიანი და თბილისში 1 პირი, სულ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაშ 480-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო ან ადმინისტრაციული საქმეები ან სისხლის სამართლებრივი დევნა. 43 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით დევნა.
მოკლედ გეტყვით, რა ხებოდა 10-11 იანვარს. ჩვენ ვნახეთ, რომ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოშ, ჯამში, 19 ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის პროცესი ჩატარდა. 10 იანვარს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩანიას, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, სერგეი კუპაჩუკის, გიორგი ტერაშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის, ვალერი თეთრაშვილის საქმეები. 11 იანვარს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გიორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოს ჯავახიშვილის საქმეები. ამ ორივე საქმეში გამოიკვეთა კონკრეტული დარღვევები და ორივე საქმეში ფიგურირებდნენ ერთი და იგივე პროკურორები. ესენი არიან გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა.
პირველ რიგში, პროკურორებს დაუსაბუთებელი პოზიციები ჰქონდათ. ვერცერთმა პროკურორმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებების სახით პატიმრობას დაასაბუთებდა. მათი მტკიცებულებები და პოზიციები იყო ძალიან შაბლონური.
მოსამართლეები წინასწარ აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას ამ საქმეებთან დაკავშირებით და ფაქტობრივად, ჩვენ ყველამ წინასწარ ვიცოდით, რა გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ ისინი.
საჯაროობის პრინციპების დარღვევას ჰქონდა ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებმა იცოდნენ, რომ ამდენი პირის საქმე განიხილებოდა და ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი იქნებოდა, მათ მაინც ჩანიშნეს საქმეების განხილვები მცირე დარბაზებში. ერთ შემთხვევაში დარბაზის შეცვლა მოხდა, მაგრამ მეორე შემთხვევაში, უკვე 11 იანვარს ეს ვერ მოხერხდა.
დაცვის უფლების შეღუდვა – მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძს მიერ ჩატარებულ პროცესზე სხვადასხვა პროცესურების დარღვევებს ასევე დაემატა დაცვის უფლების შეზღუდვა. დარბაზის ცვლილებაზე მოსამართლის უარმა გამოიწვია ის, რომ სიმჭიდროვის გამო ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის სათანადო კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. ერთ-ერთი ბრალდებული 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი უჟანგბადობის გამო ცუდად გახდა და პროცესზე სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო. ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად დაცვის მხარემ დატოვა დარბაზი და სახაზინო ადვოკატს არ მიეცა საშუალება, კომუნიკაცია ჰქონოდათ დაკავებულებთან და მათი პოზიცია გაერკვიათ.
რაც შეეხება ბათუმის ინციდენტს, აქაც, როგორც იცით, 11 იანვარს, 11 -ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავეს. ყველა ეს ადამიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაცვის ქვეშ არიან, თუმცა თავის დროზე მათ არ მიეცათ საშუალება, რომ მაშინვე ჰქონოდათ კომუნიკაცია დაცვის მხარესთან, ისინი საუბრობდნენ მათ დარღვევებზე, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.
ეკა გიგაურმა ასევე ყურადღება გამოცემა “ბათუმელების” დირექტორის დაკავებაზე გაამახვილა და პირდაპირ თქვა, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ხელისუფლებამ რეპრესიული ზომები გამოიყენა. მისი თქმით, სხვა შემთხვევების მსგავად, ამაღლობელის შემთხვევაშიც არაერთი დარღვევა გამოიკვეთა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა თბილისში შშმ პირთა უფლებადამცველის ძალადობრივი დაკავების შესახებაც.
მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული რეპრესიული ზომები ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. ქალბატონი მზიას უფლებები ასევე იყო დარღვეული. იცით, რომ იგი პირველად იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული, შემდეგ უკვე საუბარია იმაზე, რომ სისხლის სამართლის ევნა დაიწყება მის წინააღმდეგ და მის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენ უკვე მივაწოდეთ 20-მდე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე და მის პროცესს ჩვენა სევე დავაკვირდებით.
თბილისში 11 იანვარს, რუსთაველის გამზირზე ასევე დაკავებული იყო შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. იცით, რომ ის ადრეც იყო დაკავებული, იგი იყო ნაცემი, განხორციელდა ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც და მისი დაკავების დროსაც მისი უფლებები იყო დარღვეული, – თქვა ეკა გიგაურმა.
საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებულების შემთხვევებზე ისაუბრა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, “ოცნებამ” იმ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც განსხვავებულ აზრს გამოხატავდნენ, საკუთარი მუქარა სისრულეში მოიყვანა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა. ლომჯარიამ საგანგებო ბრიფინგზე ყველა ის უწყება ჩამოთვალა, რომლიდანაც საჯარო მოხელეები პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 3-4 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებლად იქნებოდა შესაბამისი რეაგირება იმ საპროტესტო განცხადებებზე, რაც გაავრცელეს საჯარო მოხელეებმა. ისინი დაემუქრნენ საჯარო სამსახურს გასუფთავებით და აღნიშნული მუქარა, რეალურად, სულ რამდენიმე დღეში იქნა რეალიზებული. 5 დღიანი განხილვის შემდეგ, 13 დეკემბერს უკვე იქნა მიღებული ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რითაც უკვე პროფესიონალიზმზე და ნეიტრალიტეტის პრინციპებზე დაფუძნებული საჯარო სამსახური ჩაანაცვლა ამ ცვლილებებმა პარტიული მორჩილების პრინციპებზე დაფუძნებული სამსახურით.
დეკემბრის ბოლოდან, კანონის მიღებიდან რამდენიმე დღეში საჯარო მოხელეებმა დაიწყეს ღიად საუბარი პოლიტიკური ნიშნით მათი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
ჩვენ გავაანალიზეთ ის შემთხვევები, რაზეც ხელი მიგვიწვდება და მართალია, გათავისუფლების ფორმალურ საფუძვლად მითითებულია ხოლმე ხელშეკრულების ვადის გასვლა, მაგრამ რეალურად, გათავისუფლდნენ ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შესაბამისი სამსახურის სახელით საპროტესტო განცხადებებს და მოითხოვეს კონსტიტუციის 78 მუხლის დაცვა ან მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში ან საჯაროდ, მათ შორის, სოციალურ მედიაში აკრიტიკებდნენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.
ის საჯარო სამსახურები, საიდანაც დისკრიმინაციული პოლიტიკური მოტივით გათავისუფლდნენ საჯარო მოხელეები არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ცესკო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრი, იუსტიციის სახლი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112, რუსთავის მუნიციპალიტეტი, ადიგენის მუნიციპალიტეტი, ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, შსს, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, იურიდიული დახმარების ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.