მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი

ბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი

Published on

დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. მამუკა ჯორბენაძის ადვოკატის თქმით, პროფესორი და მისი სტუდენტები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის აქტიურად იყო ჩართული სასწავლებლის გაფიცვის ორგანიზებაში. ამ უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი გაფიცულია და პროევროპულ კურსს უჭერს მხარს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 9 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, 1981 წელს დაბადებულმა თეა ცაგურიამ, რის გამოც, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა – 1978 წელს დაბადებულმა მამუკა ჯორბენაძემ თეა ცაგურიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1978 წელს დაბადებული მამუკა ჯორბენაძე და მისი სტუდენტები მოგვიანებით თეა ცაგურიას მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ირაკლი დევაძეს და მის მეგობარს – 1977 წელს დაბადებულ ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ“.

შსს-ს მიერ დასახელებული ინიციალები თ.ც. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი თეა ცაგურიაა, მან ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა. გასაუბრება ვერც მის მეუღლესთან მოხერხდა – ირაკლი დევაძე ბათუმის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეა. ამ უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ირაკლი დევაძე შვებულებაშია.

ადვოკატი დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ მამუკა ჯორბენაძეს პოლიტიკური ნიშნით დევნიან, რადგან ის გაფიცვაში აქტიურად იყო ჩართული:

„მოგეხსენებათ, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცული არიან, მათ ერთ-ერთი ლექტორი, თეა ცაგურია მოუწოდებდა, არ გახვიდეთ აქციაზეო. ამ თემაზე ჰქონდა საუბარი მამუკა ჯორბენაძეს თავის კოლეგასთან, თეა ცაგურიასთან,“ – უყვება „ბათუმელებს“ ადვოკატი დავით ჯაფარიძე, – „ინციდენტი 3 დეკემბერს მოხდა, დაახლოებით საღამოს 10 საათზე – ხელოვნების უნივერსიტეტში მივიდა თეა ცაგურიას ქმარი და ბათუმის მერიის თანამშრომელი – ირაკლი დევაძე. მას კიდევ ახლდა ერთი პირი. ისინი თავს დაესხნენ მამუკა ჯორბენაძეს.

საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობივარ, მაგრამ ვიცი, რომ უკვე ამოღებულია ვიდეოჩანაწერი, სხვა დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

მამუკა ჯორბენაძესთან ერთად იყო 4 სტუდენტი, რომლებიც შეესწრნენ ამ თავდასხმას. ერთ-ერთი სტუდენტი, 21 წლის დავით გვიანიძე ასევე არის მამუკა ჯორბენაძის დისშვილი.

„ბათუმელებმა“ დაადგინა კიდევ ორი დაკავებული სტუდენტის ვინაობა – პროფესორთან ერთად დააკავეს 20 წლის გურამ მიქელაძე და ასევე 20 წლის ანდრო კიკნაძე არიან. მეოთხე სტუდენტი, ვინც პოლიციამ დღეს დააკავა 22 წლისაა.

ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ გამართულა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ჯორბენაძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი და სახვითი სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანია. ის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი იყო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა განცხადებაზე, რომლითაც სტუდენტები და ლექტორები აცხადებენ, რომ მზად არიან იბრძოლონ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
მამუკა ჯორბენაძის ოჯახის წევრებს, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომლებს, დღეს უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანის დაკავებაზე საუბარი არ სურდათ. უნივერსიტეტის რექტორმა თეიმურაზ კეჟერაძემ ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ დღეს მხოლოდ ის დაუდასტურა, რომ კონფლიქტი უნივერსიტეტში მოხდა და „სხვა დეტალები არ იცის“.

წყარო: ბათუმელები

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...