ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” XI მოწვევის პარლამენტის სხდომას, რომელსაც “ოცნება” სრულ იზოლაციაში ატარებს, არაკონსტიტუციურს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს არღვევს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე 2 სარჩელია სასამართლოში შესული, რითაც გასაჩივრებულია პარლამენტის 150-ივე წევრის არჩევის კანონიერება. შესაბამისად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 25 ნოემბერს ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია.
საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე, პარლამენტის 30-მა წევრმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, რითაც გასაჩივრებულია პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ 25 ნოემბერს ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია და არღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს“, – წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო – დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლება-მოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებები გააკეთა.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.