სახაზინო დეპარტამენტის სანქციები არის მკაფიო გაფრთხილება აშშ-ის მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ

0
16

[სანქციები] არის მკაფიო გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება მკაცრად, მათ შორის, ფინანსური აქტივების გაყინვით , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” და მისი მოადგილის მილერი ლაგაზაურის, ასევე „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, “ივანიშვილმა უნდა გაიაზროს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ბოდიშს მტრის წინაშე არ იხდის, როგორც ის, რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი არის ევროინტეგრაციის გზა . როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები დასავლეთშია, ამიტომ მასზე მსგავსი სანქციების დაწესება არის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება დაუდგეს. „დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დააკისრა „ქართული ოცნების“ ორ მაღალჩინოსანს – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც „ხარება“ და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს.

საზოგადოებას კარგად ახსოვს „ხარებად“ ცნობილი ზვიად ხარაზიშვილის სისასტიკე „რუსული კანონის“ აქციების დარბევისას, პირადად მისი მონაწილეობით და დავალებით სპეცრაზმელები უმოწყალოდ უსწორდებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებს, მოქალაქეებს და პოლიტიკურ ლიდერებს. სწორედ, ზვიად ხარაზიშვილი მონაწილეობით და მისი უშუალო დავალებით გაუსწორდნენ ფიზიკურად, უმძიმესი ფორმით ლევან ხაბეიშვილს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დააკისრა ასევე პრორუსული ჯგუფის ალტ-ინფოს ლიდერებს ზურაბ მახარაძეს და კონსტანტინე მორგოშიას ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის და ძალადობის წახალისებისთვის.

აღნიშნული ფინანსური სანქციები განხორციელდა ე.წ. მაგნიტსკის გლობალური აქტის ფარგლებში, რომელიც თავისთავად პრეზიდენტი ტრამპის 2017 წლის აღმასრულებელ განკარგულებას ეყრდნობა. ეს არის მკაფიო გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება მკაცრად, მათ შორის ფინანსური აქტივების გაყინვით.

ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები დასავლეთშია და მასზე მსგავსი სანქციების დაწესება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება ივანიშვილს დაუდგეს. ეროვნული ბანკის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა არ დაექვემდებაროს ამგვარ ფინანსურ სანქციების კი სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს მთელი ქვეყნის ფინანსური სისტემას.

ასე რომ, ივანიშვილმა ისევე უნდა გაიაზროს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ბოდიშს მტრის წინაშე არ იხდის, როგორც ის რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი არის ევროინტეგრაციის გზა და რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები უნდა ჩაატაროს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, არჩევნებმა უნდა ასახოს ქართველი ხალხის ნება, ეს არის მისი ფინანსური აქტივების გადარჩენის ერთადერთი გზა.

დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არჩევანს ევროპულ კეთილდღეობაზე გააკეთებს.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“მაგნიტსკის სიით” გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს. სახელწოდება უკავშირდება რუსეთში მცხოვრებ აუდიტორს, სერგეი მაგნიტკისკის, რომელიც 2007 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ კორუფციას იძიებდა. ის 2008 წელს დააპატიმრეს რუსეთში გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით, რის შემდეგაც 2009 წელს ციხეში გარდაიცვალა.

2012 წელს აშშ-ს კონგრესმა მიიღო სერგეი მაგნიტსკის კანონის უზენაესობის ანგარიშვალდებულების აქტი, რომელიც საშუალებას აძლევდა აშშ-ს დაეწესებინა სანქციები იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ სერგეი მაგნიტსკის დაკავებაში, შეურაცხყოფაში, სიკვდილში ან მონაწილეობდნენ, ზოგადად, რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში. 2016 წელს მიღებულმა გლობალური ადამიანის უფლებების მაგნიტსკის ანგარიშვალდებულების აქტმა გააფართოვა ეს რეჟიმი და აშშ-ს უფლება მისცა დაეწესებინა სანქციები ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებზე. სანქციები შესაძლოა გავრცელდეს ნებისმიერი უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლის წინააღმდეგაც, რომელიც პასუხისმგებელია მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებზე.

“მაგნიტსკის აქტი” მოგვიანებით დაამტკიცეს სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის, კანადამ 2017 წელს, ხოლო ევროკავშირმა 2020 წელს.

წინა სტატია“ხარება” და მისი მოადგილე, პლუს 60 პირი “ქართული ოცნებიდან” და არამარტო – აშშ სახდეპის სანქციები გაფართოვდა
შემდეგი სტატიაბათუმში რუს ტურისტს რესტორანი დაატოვებინეს და მიაძახეს, საქართველოც მალე დატოვეო – მაია კალანდია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური