საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

0
117

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები, სერვისს უფასოდ მიიღებენ. პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ, როცა მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება.

“პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე – პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.

პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით.

B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად, ამ ეტაპზე, არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ.

იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან”, – წერია განცხადებაში.

სერვისების მისაღებად, მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს – პროგრამაში ჩართულია 15-მდე სამედიცინო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამინისტრო ამბობს, რომ სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.

წინა სტატიაგერმანია კიევის ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს
შემდეგი სტატიაწვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი – პენტაგონის პრესსპიკერი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური