მთავარისიახლეებივახუშტი მენაბდე განმარტავს რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოსთან...

ვახუშტი მენაბდე განმარტავს რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით

Published on

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ვახუშტი მენაბდე განმარტავს რა მოლოდინები შეიძლება მოქალაქეებს ჰქონდეთ ვეტოზე, რომლის გამოყენებასაც პრეზიდენტი აპირებს რუსული კანონის წინააღმდეგ. კანონი პარლამენტმა გუშინ, 14 მაისს მიიღო.

გთავაზობთ ვახუშტი მენაბდის განმარტებას უცვლელად:

“რამდენიმე განმარტება ვეტოზე, სწორი მოლოდინები რომ გვქონდეს.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ყველა იმაზე ვფიქრობთ რას აპირებს პრეზიდენტი. რამდენიმე დღის წინ მან თქვა: “ვეტოს ნამდვილად წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ.” ამ სიტყვებმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ პრეზიდენტმა შეიძლება კანონს ვეტო შენიშვნების გარეშე დაადოს, მაგრამ არა, რადგან კონსტიტუცია ასეთ რამეს არ იცნობს. არამგონია პრეზიდენტს ეს ეგულისხმა.

1. ყოველდღიურობაში რასაც “ვეტოს” ვუწოდებთ, სინამდვილეში “მოტივირებული შენიშვნებია”. ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს ტერმინს “ვეტო”;

2. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეგზავნება პრეზიდენტს, რომელიც (ა) ხელს აწერს და აქვეყნებს მას, ან (ბ) “მოტივირებული შენიშვნებით” უკან აბრუნებს პარლამენტში;

3. ამისთვის პრეზიდენტს 2 კვირა აქვს;

4. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში შესაბამისი არგუმენტაციით პარლამენტს მიუთითებს: (ა) კანონის კონკრეტულ ჩანაწერებზე, რომლებიც მისთვის მიუღებელია და (ბ) სთავაზობს ახალ რედაქციას. ეს შეიძლება იყოს ახალი ფორმულირებები, ასევე შესაძლებელია, პრეზიდენტმა პარლამენტს კანონიდან ზოგიერთი ჩანაწერის საერთოდ ამოღება შესთავაზოს. ეს ნიშნავს, რომ მან დეტალურად უნდა გაანალიზოს კანონი და მონიშნოს ის დებულებები, რომელებიც, მისი აზრით, პრობლემას ქმნის და რომლებიც უნდა ჩანაცვლდეს (შესაბამისი ალტერნატივით), ან საერთოდ წაიშალოს;

5. პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით მთლიანად კანონის გაუქმებას ვერ მოითხოვს, თუმცა შეუძლია პარლამენტში კანონის არსებითად გადამუშავებული ვარიანტი წარადგინოს;

6. შემდეგ, პროცესი პარლამენტში ბრუნდება. სადაც უნდა განიხილონ ვეტოს საკითხი, თუმცა ამისთვის კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვული;

7. პარლამენტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს ერთიანად უყრის: ან ყველაფერს იზიარებს არ არაფერს. ისე ვერ იქნება, ნაწილი გაითვალისწინოს, ნაწილზე კი უარი თქვას;

8. ვერ პარლამენტი და ვერც პრეზიდენტი უკვე წარდგენილ ვეტოში ვეღარაფერს შეცვლის. მოტივირებული შენიშვნების საპარლამენტო განხილვის დროს რომც მიაღწიონ შეთანხმებას, ამ შეთანხმებას კენჭს ვერ უყრიან;

9. შენიშვნების გასაზიარებლად საკმარისია დამსწრეთა უმრავლესობის (თუმცა არანაკლებს 50 დეპუტატისა) მხარდაჭერა;

10. თუ პარლამენტი არ ეთანხმება პრეზიდენტს მას შეუძლია ვეტო დაძლიოს. ვეტოს დასაძლევად, ჩვენს შემთხვევაში, საჭიროა 76 ხმა, ოცნება კი 84-ს აკონტროლებს;

11. ამის შემდეგ მიღებული კანონი ისევ პრეზიდენტს ეგზავნება. მას ვეტოს მექანიზმის ხელახლა გამოყენების უფლება არ აქვს;

12. პრეზიდენტს შეუძლია არ მოაწეროს ხელი კანონს. მაგრამ ეს სიმბოლური აქტია, სამართლებრივად არაფერს ცვლის. მის ნაცვლად კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავჯდომარე;

13. ამის შემდეგ კანონი ძალაში შედის, თავად ამ კანონითვე განსაზღვრულ ვადებში.

რომ შევაჯამო: (ა) პრეზიდენტი ვეტოთი, უბრალოდ, “კანონი არ ვარგა და გასაუქმებელია” ვერ იტყვის. მან პარლამენტს ალტერნატივად კონკრეტული რეგულირებები უნდა შესთავაზოს; (ბ) ოცნებას საკმარისი ხმები აქვს ვეტოს დასაძლევად.

აქვე მგონია, რომ პრეზიდენტმა “მანიპულაციებში არ შესვლის” ხსენებით უმრავლესობასთან წინასწარ კონსულტაციებზე თქვა უარი (რაც არა აუცლებელი, მაგრამ მიღებული პრაქტიკაა). იგულისხმა, რომ რასაც დავწერ, იმის განხილვა მოგიწევთ, მოლაპარაკებებს არ გავმართავო. მას, ალბათ, არ უგულისხმია, რომ “ცარიელ” ვეტოს გააგზავნის პარლამენტში, რადგან ასეთ შემთხვევაში ვეტოს გამოყენებას საერთოდ ეკარგება აზრი.

ასევე მომავალი კვირის დასაწყისში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა და მოსალოდნელია, რომ ისიც მოახდენს გავლენას ამ პროცესზე”.

მენაბდე წერს, რომ კითხვების შემთხვევაში მოქალაქეებს სოციალურ ქსელში უპასუხებს.

სიახლეები

პატრულის მანქანის ე.წ. კაპოტზე სახით დამაწვინეს, პატრულის თანამშრომელმა მარცხენა ჯიბეში მოათავსა ნივთიერება – ახობაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ექიმმა გიორგი ახობაძემ განაცხადა, რომ პატრულის თანამშრომელმა დაკავებისას მას...

მსოფლიო გიყურებთ. გამბედაობა თქვენი ძალაა -ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში საქართველოში საპროტესტო აქციების დროს გადაღებულ ვიდეოს...

ბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი

დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და...

პარლამენტი სალომე ზურაბიშვილისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას აპირებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ...