რუსთავის N1 პოლიკლინიკის დირექტორმა და ექიმმა ეგვიპტის მოქალაქეს, 2000 დოლარის სანაცვლოდ, ყალბი ცნობა დაუმზადეს

0
70

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. უწყება ამბობს, რომ “რუსთავის N1 პოლიკლინიკის” დირექტორმა და ამავე კლინიკის ექიმმა ეგვიპტის მოქალაქეს, რომელიც დეპორტაციას ექვემდებარებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა დაუმზადეს – 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ.

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო სამკურნალო დაწესებულება შპს „ქ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის“ დირექტორმა ი.ნ-მ და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა მ.წ-მ, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბინადრობის უფლების ვადის გასვლის გამო დეპორტაციას ექვემდებარებოდა, 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, ფორმა N100, რომელშიც დააფიქსირეს სხვადასხვა არარსებული დაავადება, რაც ხელს შეუშლიდა შესაბამის სამსახურებს განეხორციელებინათ პირის ქვეყნიდან გაძევება”, – წერია განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

უწყება ამბობს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე.

წინა სტატიალიეტუვის საელჩოს პასუხი “ოცნებას”: ევროპარლამენტარები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან
შემდეგი სტატიააშშ უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების გაგზავნას ადასტურებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური