7 მარტი ჟიული შარტავას დაბადების დღეა

0
278

„…მე ისეთი დამოუკიდებელი საქართველოს მომხრე ვარ, სადაც პიროვნების სრული თავისუფლება იქნება და, ამასთანავე, იქნება წესრიგი,… საქართველოსი, სადაც იქნება მაღალი პოლიტიკური კულტურა, ჭეშმარიტი ტოლერანტობა და ჭეშმარიტი დემოკრატია“, – ეს სიტყვები საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას ეკუთვნის. 

1993 წლის ივლისში, გაგანია ომის დროს, საქართველოში დაბრუნებულმა შევარდნაძემ ჟიული შარტავა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. სამ თვეში სოხუმი დაეცა. მან და კიდევ 50-მდე ადამიანმა მთავრობის სასახლე არ დატოვეს.

“ერთი პერიოდი, 27 სექტემბერს, შარტავაც გამოსული იყო მთავრობის სასახლიდან, შეეძლო სოხუმი დაეტოვებინა, მაგრამ ისევ უკან მიბრუნდა. ქალაქში ჯერ კიდევ რჩებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა. შარტავას დაბრუნების შემდეგ აფხაზური მხარე მთავრობის სასახლის აღებაზე გადაერთო, ამასობაში კი ბევრმა სამშვიდობოზე გასვლა მოასწრო.

როცა ნახა, ალყაში იყო, ჟიული სხვებთან ერთად ქვევით ჩავიდა. ჩასვეს მანქანაში და სადღაც წაიყვანეს, სად – არ ვიცით, ალბათ არძინბასთან მიჰყავდათ. გზაში დახვდნენ, გადმოიყვანეს და დახვრიტეს“, – ჰყვება ვახტანგ ყოლბაია. 

აფხაზეთში ჩადენილ ომის დანაშაულებზე, მათ შორის ჟიული შარტავას მკვლელობაზეც, პროკურატურამ იმუშავა, მაგრამ დღემდე ამ მკვლელობის არც შემსრულებელია დადგენილი და არც – შემკვეთი.

ჟიული შარტავას ცხედრის გადმოსასვენებლად 28 სექტემბერს ადლერში ჯგუფი ჩაფრინდა, მას მაშინდელი პარლამენტის წევრი ბაკურ გულუა ხელმძღვანელობდა. 2013 წლის 27-29 სექტემბრის გაზეთ „ვერსიაში“ გულუა იხსენებს, რომ აეროპორტში მათ რუსეთის სპეცსამსახურის პოლკოვნიკი შუიკოვი დახვდათ.

„გამიყვანა გვერდით შუიკოვმა და მითხრა: ,,თქვენ მე არ მიცნობთ, სამმხრივ მოლაპარაკებაზე რუსულ მხარეს ვხელმძღვანელობდი. ჟიულის მეგობარი ვარ. ჟიული ერთადერთი კაცია, ვინც მათ არ უნდა მოეკლათ, რადგან ის მხოლოდ ქართული მხარის კი არა, აფხაზების ინტერესებსაც ყოველთვის იცავდა. ახლა პირადად ველაპარაკე არძინბას. რაღაცას ეშმაკობს. მითხრა, ვერ ვიპოვეთო ცხედარი“.

გავმწარდი. მან უცებ სადღაც დარეკა და რუსულად დაიწყო გინება. ბოლოს იყვირა, მოსკოვიდან სპეცრაზმს გამოვიძახებ და იქ სამი კი არა, ძალიან ბევრი გვამი იქნებაო. დაფრთხნენ, ეტყობა და 2 საათში ჰაერში ვერტმფრენიც გამოჩნდა – ჟიული შარტავას ცხედარი გადმოგვცეს. ექსპერტიზა ჰქონდა ჩატარებული. ეტყობა, დაბანეს, მოაწესრიგეს და ტანსაცმელიც ჩააცვეს. მაინც მიაქციეს ყურადღება და დაიცვეს აფხაზური წესები“.

თუმცა, ვახტანგ ყოლბაია ამბობს, რომ ცხედარის დათვალიერების შემდეგ გარდაცვლილის ფრჩხილების ქვეშ და პირში მიწა აღმოაჩინეს. ამან გააჩინა ეჭვი, რომ ჟიული შარტავა აწამეს კიდეც.

მთავრობა ჟიული შარტავას მთაწმინდაზე დაკრძალვას განიხილავდა, მაგრამ მეუღლის თხოვნით, ბოლოს ვაკის სასაფლაო შეარჩიეს – „ბებიამ სთხოვა, სახლთან ახლოს დაეკრძალათ, ადვილად რომ შეძლებოდა მისვლა“, – იხსენებს ჟიული შასრტავას შვილიშვილი, გიორგი შარტავა. 

დანარჩენები, ვინც მთავრობის სასახლეში იყვნენ, ზოგი ადგილზევე დახვრიტეს, ზოგი ტყვედ აიყვანეს და მერე მოკლეს, ზოგის ბედი დღემდე უცნობია.

წინა სტატია10 ბინის ქურდობა და მოპარული 170 000 ევრო – ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
შემდეგი სტატიააშშ და ბრიტანეთი მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტის შესახებ აფრთხილებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური