ხარკოვის ოლქში, ფრონტის წინახაზიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, უკრაინის პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერა FOX NEWS-ის “სპეციალური რეპორტაჟის” წამყვანმა ბრეტ ბაიერმა, რომელმაც მას დაუსვა შეკითხვები, რომლებზე პასუხებიც არამარტო ამერიკასა და ამერიკელებს, მთელ მსოფლიოს აინტერესებს.
- როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი?
ზელენსკის თქმით, მსოფლიო არ არის მზად იმ მოცემულობისთვის, რომ პუტინი თავის ძალაუფლებას დაკარგავს, რადგან რუსეთში ცვლილებების ეშინია, მაგრამ აშშ-ს, ევროპის ქვეყნებსა და გლობალურ სამხრეთს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ:
“პუტინი ყველანაირ წითელ ხაზს გადავიდა. ის არაადეკვატური ადამიანია, მთელი მსოფლიოსთვის საშიში. და ის შეეცდება, გაანადგუროს NATO. ომი მაშინ დასრულდება, როცა მსოფლიო ამას გაითავისებს”.
- რას აპირებს უკრაინა 2024 წელს ფრონტზე?
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ 2024 წელს უკრაინა არამხოლოდ თავდაცვას, კონტრშეტევასაც აპირებს. მისივე თქმით, ისეთ ქვეყანასთან ომში, როგორიც რუსეთია, თავადაცვაც დიდი გამოწვევაა:
“თავდაცვა – ნომერ პირველი ამოცანაა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს წარმატებულ ისტორიას შავ ზღვაზე, აუცილებლად გავაკეთებთ ამას. დეტალებში არ შევალ, მაგრამ რუსები აუცილებლად მიიღებენ სიურპრიზებს. სამხრეთი მნიშვნელოვანია. ასევე, უმნიშვნელოვანესია აღმოსავლეთის დაცვა, სადაც მათ 200.000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავთ”.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ახალ კონტრშეტევას, ახალ ოპერაციებს მოვამზადებთ, ხელჩამოყრილი არ ვიდგებით… ეს ძალიან ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული”.
- 2023 წელს შეტევების ნელ ტემპებთან დაკავშირებით
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა:
“საჭიროა ჩვენი მებრძოლების სიცოცხლეზე ზრუნვა. სწრაფი წინსვლა ადამიანთა დანაკარგს ნიშნავს, ხოლო თუ უკრაინა დაკარგავს თავის მცველებს, ის დაკარგავს ყველაფერს”.
- უკრაინისა და რუსეთის ადამიანური დანაკარგები ომში:
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგი ამ ომში 5-ჯერ ნაკლები რუსეთის დანაკარგებთან შედარებით, თუმცა, კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.
“ჩვენ ვიცით, რომ ათეულ ათასობით ადამიანია მოკლული, ათეულ ათასობით ბავშვია დეპორტირებული. თუ შევადარებთ დაღუპული ჯარისკაცების რიცხვს, მე ვიტყოდი, რომ ეს არის 1:5-ზე, ანუ, ერთ მოკლულ უკრაინელ ჯარისკაცზე ომში 5 მოკლული რუსი ჯარისკაცი მოდის”.
- დამოკიდებულება დონალდ ტრამპის განცხადებებთან დაკავშირებით:
დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: “მზად ვარის მივიღო ის წინახაზზე და ყველაფერი ავუხსნა, შესაძლოა, მას ჰქონდეს რაღაც იდეები, მე არ ვიცი”. “ის ნახავს ყველაფერს, რაც ხდება და ამის შემდეგ, ვფიქრობ, აზრს შეიცვლის და ყველანი მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ამ ომში ორი მხარე არ არსებობს: არსებოობს მხოლოდ ერთი მტერი და ეს არის პუტინი და მისი პოზიცია”.
- ზელენსკის გზავნილი აშშ-ის კონგრესს:
პასუხად შეკითხვაზე, როგორი იქნება მისი გზავნილი კონგრესისადმი, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მადლობელია ყველაფრისთვის, რასაც პრეზიდენტი და კონგრესი აკეთებენ:
“ჩემი გზავნილი ასეთი იქნება: თუ მათ სურთ იყვნენ ძალიან პრაგმატულები, ის ფასი, რომელსაც ახლა ჩვენ მხარდაჭერისთვის ვითხოვთ, ძალიან დაბალია იმასთან შედარებით, რაც მომავალში იქნება… მათ ბევრად დიდი ფასის გადახდა მოუწევთ. ჩვენ, უბრალოდ, გვინდა გადავრჩეთ, რათა ვიცოცხლოთ. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს”
“კონგრესმენები არიან ადამიანები თავიანთი ოჯახებით, შვილებით. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ჩვენი სახლი, სადაც ჩვენი შვილები ცხოვრობენ”;
“უბრალოდ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ საერთო ღირებულებებისთვის ვიბრძვით, მაშინ დაგვეხმარეთ და მხარი დაგვიჭირეთ, მოდით, გავერთიანდეთ…”
- რამდენჯერ დაუპირეს ლიკვიდაცია და რას ფიქრობს ამაზე?
მისი ლიკვიდაციის მცდელობებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “ასეთი მცდელობა უკვე ხუთჯერ იყო და ამის შემდეგ არ დავინტერესებულვარ, არც მაინტერესებს”…
–
- ოდიშინიუსის თარგმანი