ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში გამარჯვებული ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის 2 მოსწავლე აშშ-ში გაემგზავრება

0
186

2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი გამარჯვებული გუნდი “TerraTech“ გახდა. თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და სენაკის სკოლების ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა შექმნა მაღალ-ტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი, რომელიც მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. გამარჯვებული გუნდის წევრები, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან. აშშ-ში ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის 2 მოსწავლე – ლუკა კუკავა და გიგი გამსახურდია გაემგზავრება.
მეორე ადგილზე გუნდი „FSTF (From Seeable To Feelable)“ გავიდა. გუნდის წევრებმა, რომლებიც თბილისის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, შექმნეს პორტატული მოწყობილობა, რომელიც რეალურ დროში ნაბეჭდ ტექსტებს ბრაილის შრიფტში თარგმნის, რითაც ტექსტები უფრო ხელმისაწვდომია უსინათლოთათვის. მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.
მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა – „Optical Visionaries”, რომელიც შედგება თბილისის და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისგან, შექმნა რობოტი ოფთალმოლოგი. მოწყობილობა მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრიის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას. გუნდის წევრებს „ლიბერთი ბანკი“ სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში, გაუშვებს.
გარდა ამისა, კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა გუნდი – „Halove” და მისი წევრები, სასწავლო ვიზიტით EPAM ლიეტუვას ესტუმრებიან.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები დაასაჩუქრეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქპატენტი, ჯეოლაბი, აკადემია „ლეტერატო“ და კომპანია allmarket.ge.
წელს კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის დარგებში განავითარეს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ახორციელებს. კონკურსი წელს უკვე მეცხრედ ჩატარდა და ის მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 3 000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

წინა სტატიამესტია-ხაიში-უშგულის გზაზე შეზღუდვები დაწესდა
შემდეგი სტატიაგინტურის მანქანას ოკუპანტების მიერ ნასროლი, სულ მცირე, 35 ტყვია აქვს მოხვედრილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური