ენტონი ბლინკენი ხუთ ქვეყანას ეწვევა

0
126

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2-10 ნოემბერს ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, იორდანიის დედაქალაქ ამანს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულს და ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელის ეწვევა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ისრაელში, ენტონი ბლინკენი დაადასტურებს, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი ტერორიზმისგან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად და განიხილავს მცდელობებს ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში აშშ-ის მოქალაქეების დასაცავად, მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების ტემპისა და მოცულობის გასაზრდელად და კონფლიქტის გავრცელების პრევენციისთვის.

„იორდანიაში, სახელმწიფო მდივანი ხაზს გაუსვამს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობას და ერთობლივ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდილ, მდგრად მიწოდებას, აუცილებელი სერვისების განახლებას და იმის უზრუნველყოფას, რომ პალესტინელები ღაზიდან იძულებით არ გადაადგილდნენ. ის ასევე განიხილავს გადაუდებელ მექანიზმებს ძალადობის შესაჩერებლად, რიტორიკის დასამშვიდებლად, რეგიონული დაძაბულობის შესამცირებლად და კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, იმუშაოს პარტნიორებთან ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც მოიცავს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ენტონი ბლინკენი ტოკიოში ვიზიტის დროს მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ის ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ კიშიდა ფუმიოსთან და საგარეო საქმეთა მინისტრ კამიკავა იოკოსთან, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები, მათ შორის უკრაინის ეკონომიკური აღდგენისა და ენერგეტიკული საჭიროებების მხარდაჭერა.

ენტონი ბლინკენი იაპონიის შემდეგ სეულში ჩავა, სადაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს, საგარეო საქმეთა მინისტრ პარკ ჯინს და მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჩო ტაე-იონგს შეხვდება. შეხვედრებზე განიხილავენ გზებს, თუ როგორ უნდა უპასუხონ შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის მზარდ სამხედრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან. მხარეები ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრებენ.

ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეის შემდეგ ნიუ-დელიში ჩავა, სადაც 2+2 მინისტერიალის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინიც დაესწრება. აშშ-ის დელეგაცია ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრამანიამ ჯაიშანკარს, თავდაცვის მინისტრს, რაჯნათ სინგს და ინდოეთის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. შეხვედრაზე ორმხრივი და გლობალური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

წინა სტატიაარსებული ინფორმაციით, კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი არასრულწლოვანია
შემდეგი სტატიადღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური