პროვოკაციულ კითხვებს სვამს, რასაც არ გავატარებ – მაია კოპალეიშვილი კობახიძეზე

0
146

პროვოკაციულ კითხვებს სვამს, რასაც ბუნებრივია, არ გავატარებ. მერე გავა და სრულიად მიუღებელ კომენტარებს აკეთებს გარეთ – წინასწარი პოზიცია რომ აქვს ჩამოყალიბებული [ირაკლი კობახიძეს], ეს პრობლემაა, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა საიმპიჩმენტო წარდგინების განსახილველ სხდომაზე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მის კითხვას, პრეზიდენტის მიერ ვიზიტების საკუთარი ხარჯებით ანაზღაურების თაობაზე, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა თავი აარიდეს.

კობახიძის აღნიშნულ პოზიციაზე კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის საკითხზე მოსამართლის კითხვას გუშინ უკვე უპასუხა, რაც ოქმში დაფიქსირებულია.

„რამდენჯერმე იყო ეს კითხვა და მე ვუპასუხე. ასეთ პროვოკაციულ კითხვებს სვამს, მე ბუნებრივია, ამას არ გავატარებ, მერე გამოვა და სრულიად მიუღებელ კომენტარებს აკეთებს გარეთ. ეს მეტყველებს, რომ თურმე არ გვისმენს და წინასწარი პოზიცია აქვს, რომელიც უნდა, რომ ტელევიზიებისთვის დააფიქსიროს. წინასწარი პოზიცია რომ აქვს ჩამოყალიბებული, ეს პრობლემაა. ბატონმა გიორგიმ დასვა კითხვა გუშინ და მე ვუპასუხე, როგორც ჩანს, თქვენ სათანადო ყურადღებით არ გამოირჩეოდით იმ მომენტში“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.

კობახიძის განმარტებით კი, მისი კითხვა სხვა ფორმით იყო დასმული.

„მე სხვა კითხვა დავსვი ბიუჯეტთან დაკავშირებით და პატივცემულმა სასამართლომ – სხვა. სხვა ფორმით დავსვი. პასუხის არგაცემაც პასუხია“, – განაცხადა კობახიძემ

რაც შეეხება კობახიძის კითხვას, მისი თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლების პოზიცია, რომ მას ვიზიტებისას მთავრობის თანხმობა არ სჭირდებოდა, განსხვავებულია თავად პრეზიდენტის პოზიციისგან, რასაც, კობახიძის შეფასებით, ერთი მხრივ ადასტურებს ლიეტუვაში ზურაბიშვილის განცხადება, მეორე მხრივ კი ის, რომ ვიზიტები ბიუჯეტიდან არ დააფინანსა.

„თქვენ ამტკიცებთ, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ პრეზიდენტს არ ესაჭიროებოდა მთავრობის თანხმობა გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში ვიზიტის განსახორციელებლად და მან კონსტიტუციის დაცვით განახორციელა აღნიშნული ვიზიტები, ეს იყო გუშინდელი მტკიცების შინაარსი, რომ მას ეს თანხმობა არ ესაჭიროებოდა. რეალურად, რასაც ვუყურებთ, პრეზიდენტი თქვენ არ გეთანხმებათ. ამის რამდენიმე მტკიცებულებაა, მაგრამ ორზე გავამახვილებ ყურადღებას – მან განაცხადა ლიეტუვაში, სადაც იდენტური შინაარსის ვიზიტი ჰქონდა, რომ ფორმალურად არ იყო უფლებამოსილი, განეხორციელებინა მსგავსი ვიზიტები. პრეზიდენტის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ერთი თვის წინ პრეზიდენტმა პოზიცია შეიცვალა. მისი აზრით, თანხმობა აღარ სჭირდებოდა. მაგრამ თავად პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ ფორმალურად არ იყო უფლებამოსილი ლიეტუვაში წასულიყო. მეორე რით დაადასტურა – მან ბიუჯეტიდან არ გასწია ხარჯები. ერთი ის, რომ თქვა, რომ ფორმალურად არ იყო უფლებამოსილი ყოფილიყო ლიეტუვაში, მეორე – ბიუჯეტიდან არ გასწია ხარჯები. ჩვენ ცოტა გაურკვევლობაში ვართ, პრეზიდენტს ჰგონია ერთი – მისი წარმომადგენლები ამბობენ სხვას. რით არის განპირობებული ასეთი აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტსა და მის წარმომადგენლებს შორის?“,- აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის აღნიშნული კითხვის საპასუხოდ, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ ლიეტუვაში პრეზიდენტის განცხადება სამართლებრივი თვალსაზრისით არაფერს ცვლის.

„ის, რომ პრეზიდენტმა გარკვეული ტიპის განცხადება გააკეთა, რაც ბატონმა ირაკლიმ წარმოადგინა, სამართლებრივი თვალსაზრისით არაფერს ცვლის. კონსტიტუციას თავისი განმარტების ავტონომიური შინაარსი აქვს და ვინ, როგორ, რას იტყვის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ვალდებულების წინაშე დგას საკონსტიტუციო სასამართლო, რომ კონსტიტუცია განმარტოს თავისი ავტონომიური შინაარსით და არა იმის მიხედვით ეს ვის როგორ მოესურვება. რა მაგალითიც წარდგინების ავტორმა მოიყვანა, არ მიანიშნებს, თითქოს პრეზიდენტი 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს არღვევდა“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

წინა სტატიათამარ ჩუგოშვილი მერაბ ტურავას – დამაკნინებელი ფორტმით მომმართავთ
შემდეგი სტატია„კანვას საქართველოს“ ხელმძღვანელი გიორგი მელაძე სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური