„კანვას საქართველოს“ ხელმძღვანელი გიორგი მელაძე სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

0
168

ჩემთვის ასეთი ტიპის პროცესი, ასეთი ტიპის კითხვები იყო შეურაცხმყოფელი და საერთოდ, დაბარება ასეთ საქმეზე. მე რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ საჯაროდ – ნამდვილად არ ვთვლი, რომ რაღაც სახელმწიფო საიდუმლოებებთან მაქვს საქმე, – ამის შესახებ ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ ხელმძღვანელმა გიორგი მელაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი მელაძემ განუცხადა, აღნიშნულ საქმეზე მას გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერა მოსთხოვეს, რასაც ხელი არ მოაწერა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აპირებს, რომ სარჩელი შეიტანოს სახელმწიფოსგან მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.

„გაუთქმელობაზე ხელი არ მომიწერია, მაგრამ ფაქტია, რომ კანონი აქვთ და გამაფრთხილეს, მიუხედავად იმისა, რომ მოვაწერ, თუ არა ხელს, ეს მაინც დაცულია სახელმწიფოებრივად და ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა. მე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩემთვის ასეთი ტიპის პროცესი, ასეთი ტიპის კითხვები იყო შეურაცხმყოფელი და საერთოდ, დაბარება ასეთ საქმეზე. მე რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ საჯაროდ. მე მჯერა ამ ქვეყნის კონსტიტუციის, მჯერა ამ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების და დემოკრატიული პროცესის. ნებისმიერი მოძრაობა და ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც შეეცდება, რომ ჩემი ეს მოქმედება წარმოუდგინოს სახელმწიფოს, როგორც ან ღალატი, ან რაიმე სხვა ბოროტება, ჩემთვის იქნება შეურაცხმყოფელი.

ადვოკატებთან ერთად გავივლი კონსულტაციას, რომ მოვიფიქროთ რაღაც პროცესი, რის ფარგლებშიც სახელმწიფოსგან მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა მოვითხოვოთ. ჩემთვის საერთოდ მიუღებელია, რომ ამ ყველაფერს სასამართლოში ვლაპარაკობ, თორემ ისე, სიამოვნებით, ამ თემებზე ყველა დაინტერესებულს ვესაუბრები სასამართლოს მიღმა. ეს ჩემი სარჩელი უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი მელაძემ.

მისი თქმით, ვერ ისაუბრებს, თუ რა კითხვები ჰქონდათ გამომძიებლებს დაკითხვისას.

„მათ აქვთ რაღაც სტანდარტი, რომელიც გაუგებარია. მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია, რითაც ისინი ინტერესდებიან, რატომ არის ეს ყველაფერი სახელმწიფო საიდუმლო. ამიტომ, ეს პრობლემაა, როგორც ჩემთვის ისე, თქვენთვის. ნებისმიერ თქვენგანთან მოვლენ, რაღაცას გკითხავენ და მერე გეტყვიან, რომ ეს საიდუმლოა და თქვენ დგახართ ჩუმად და ვერაფერს ამბობთ. ნამდვილად არ მინდა ამ კუთხით წავიყვანო ჯერ ეს საქმე. ჯერ დავაკვირდები ამ ყველაფერს, როგორ ხდება, თორემ ისე ნამდვილად არ ვთვლი, რომ რაღაც სახელმწიფო საიდუმლოებებთან მაქვს საქმე“, – განაცხადა გიორგი მელაძემ.

მან უპასუხა კითხვას, დარჩა თუ არა განცდა, რომ პოტენციური ბრალდებულია.

„მე დამრჩა განცდა, რომ მომაყენეს დიდი შეურაცხყოფა ამ ყველაფრით და ამას შევეცდები სამართლებრივი პასუხი მოვუძებნო“, – განაცხადა მელაძემ.

მისი თქმით, ლექციებს, რომელსაც ატარებს, არის არაძალადობრივი.

„ლექციები არის არაძალადობრივი, სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვა როგორ ხდება, რა არის გასათვალისწინებელი ამ პროცესში, როგორ იყოს ეს ყველაფერი ეფექტური და როგორ იყოს ეს ყველაფერი ეფექტური ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის მოძალადე სახელმწიფოების პირობებში“, – განაცხადა მელაძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. სუს-ის ინფორმაციითვე, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“.

„დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

წინა სტატიაპროვოკაციულ კითხვებს სვამს, რასაც არ გავატარებ – მაია კოპალეიშვილი კობახიძეზე
შემდეგი სტატიამაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები, რომლის გაზიარება ჩვენს ევროპელ კოლეგებს უწევთ და მოუწევთ – ღარიბაშვილი სტატუსზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური