ვწუხვართ მთავრობის გადაწყვეტილების გამო, დაუშვას რუსეთთან პირდაპირი ფრენები და სანქცირებული პირების საქართველოში შესვლა – ბორელი

0
44

“ძალიან ვწუხვართ მთავრობის გადაწყვეტილების გამო, დაუშვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლება და სანქცირებული პირების შესვლა საქართველოს ტერიტორიაზე” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა Civil.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, მოელიან, რომ პარტნიორი ქვეყნები და ისინი, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, შეუერთდებიან ბლოკის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

“ძალიან ვწუხვართ მთავრობის გადაწყვეტილების გამო, დაუშვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლება და სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა. ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას და საერთაშორისო მცდელობებს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ უკრაინაში მისი უკანონო ომისა და სისასტიკეების გამო”, – აცხადებს ბორელი.

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ბლოკის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან თავსებადობის მნიშვნელობას.

“ველით, რომ საქართველო შეასრულებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს. საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი გასულ წელს უკვე დაბალ მაჩვენებელზე, 44%-ზე იყო და ამჟამად 43%-ს შეადგენს. ამას ევროკავშირისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა კონსენსუსით არის განსაზღვრული. შეთანხმების დაბალი დონით, 43%-ით, საქართველო აჩვენებს, რომ მას აქვს ასეთი კონსენსუსის შელახვის პოტენციალი და ეს არ არის ის, რასაც წევრი ქვეყნები მარტივად უყურებენ”, – ამბობს ბორელი ინტერვიუში.

ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ბორელი ასევე შეხვდება ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს. ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტი გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

წინა სტატიაუკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოც გახდებიან EU-ს წევრები – ბერბოკი
შემდეგი სტატია9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური