ოკუპირებულ აფხაზეთში, 28 წლის ნათია ბახტაძის ცხედარს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

0
270

გალის რეგიონში ნათია ბახტაძის ცხედარს ორ კვირაზე მეტია ეძებენ. 28 წლის გოგონა, 28 ივლისს გაუჩინარდა და დედამ, იამზე ბახტაძემ, ამის შესახებ სამ დღეში პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მან შვილის ძებნაში დახმარებისთვის აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებასა და ომბუდსმენს მიმართა.

   აღნიშნულ ფაქტზე თავდაპირველად ექსკლუზიური ინფორმაცია, ოდიშინიუსის რედაქტორმა, ლაშა ბერულავამ მოიპოვა. აფხაზეთიდან მას სანდო წყარომ დამატებითი დეტალები  მიაწოდა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

  “28 ივლისის შემდეგ ვარდნილჰესების კასკადის მიმდებარედ  28 წლის გალელ გოგოს, ნათია ბახტაძის ცხედარს ეძებენ. დღეს ძებნაში მაშველებთან და მყვინთავებთან ერთად, გეოლოგებიც ჩაერთნენ და ფსკერის სკანირება ჩაატარეს-ცხედარი ჯერაც არაა ნაპოვნი.

 პარალელურად, გალის ქრთველ მოსახლეობაში პროტესტის ტალღა იზრდება. გუშინ გალელი პედაგოგები აქციაზე გამოვიდნენ ე.წ გამგეობის წინ და ცხედრის სამძებრო სამუშაოების სწრაფად ჩატარება მოითხოვეს. ისინი მიიჩნევენ, რომ აინარ ცვიჟბა, რომელსაც ორთვიანი წუნასწარი პატიმრობა შეეფარდა, მკვლელობის კვალის დაფარვაში მარტო არ ყოფილა.

 წყარომ გალის რაიონიდან, რომელმაც ინკოგნიტად დარჩენა ისურვა, ექსკლუზიურად გვითხრა, რომ საზოგადოება ენვერ ცვიჟბასა და ასევე ცვიჟბების ნათესავის, გალის უშიშროების სამსახურის სამსახურის თანამშრომლის დასჯას ითხოვს.

  წყაროს ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ აინარ ცვიჟბას გოგოს ცხედარი მდინარეში არ გადაუგდია, მან ნათია მანქანაში ჩაისვა, ცოლობა სთხოვა და უარი მიიღო, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდა.

  ცნობილია, რომ ნათიას სასუნთ გზებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ოპერაციის ჩასატარებლად, აგვისტოს დასაწყისში, თბილისში გამგზავრებას აპირებდა, რაც აინარ ცვიჟბამ შეიტყო და პროცესის დაჩქარება გადაწყვიტა. წყვილს ერთმანეთი უყვარდა, მაგრამ ცვიჟბას უხეშობის გამო ნათია მას დაშორდა, თუმცა, გავლენიანი მამის შვილი აინარ ცვიჟბა(მამამისის ენვერ ცვიჟბა, ადგილობრივი პურის ფქვილის ბიზნესს აკონტროლებს) მას თავს არ ანებებდა.

  წყაროს ცნობითვე, როცა აინარმა ნათია სცემა, გოგომ თავი მანქანის სალონში, კარის ძგიდეს დაარტყა და გაითიშა. არსებობს კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ აინარ ცვიჟბა , ოჩამჩირის გზაზე, მარკეტთან ჩერდება, ჩქარი ნაბიჯებით შედის შიგნით და ბოთლით წყალს ყიდულობს. ამის შემდეგ ის უკანა სავარძელზე ჯდება, მანქანა კი ადგილიდან კარგა ხანს არ იძვრის.

  ამის შემდეგ მანქანა უკან ბრუნდება. ჩვენი წყარო ამბობს, რომ შეუძლებელია, აინარი მარტო ასულიყო ვარდნილჰესების კასკადზე-მან იმ მხარეს გზა არ იცოდა. წყაროსვე ვარაუდით, აინარ ცვიჟბას ცხედარი არ გადაუგდია (თვითონ ჩვენებაში ამბობს, რომ როცა მიხვდა, ნათია უკვე გარდაცვლილი იყო, კასკადზე ავიდა, ნათიას

აკოცა, ბოდიში მოიხადა და მდინარეში გადააგდო)

  საზოგადოებაში რა თქმა უნდა მღელვარება არ ცხრება, ჩვენ სატელეფონო საშუალებით გალში მცხოვრებ ქალბატონს ნ. წ დავუკავშირდით, რომელიც ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელია. მისი საუბრიდან გავარკვიეთ, რომ მას სასწავლო პროცესებიდან გამომდინარე ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილ ნათია ბახტაძესთან.   ნათია ბახტაძე გალის რაიონის შაშიკვარას საშუალო სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

  მისი თქმით, 30 წელია, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში სიტუაცია უკეთესობისკენ თითქმის არ შეცვლილა, „ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა თვითნებურად დაბრუნებული ქართველებისთვის, ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს მიწა -წყალზე, რომელიც 30 წელია ოკუპირებულია და სამწუხაროდ, როცა ადამიანს ელემენტარულად არ გაქვს პასპორტი, არ გაგაჩნია ნორმალური საყოფაცხოვრებო პორობები და რაც მთავარია, ადამიანისთვის ყველაზე ფუნდამენტალური უფლება-  ცხოვრების უფლება,  ფაქტობრივად დაცული არ ხარ,  რადგანაც ჩვენ ვართ ეთნიკურად ქართველები და ამ ჩვენ პრობლემებზე თავს არავინ იწუხებს“, – ამბობს ნ.წ.

  იგი ნათია ბახტაძის გაუჩინარებისა და მკვლელობის ფაქტს აფასებს და ამაში ე.წ აფხაზი სამართალდამცველების გულგრილობაზე ამახვილებს ყურადღებას.

  „როცა, დღისით დაახლოებით ექვს საათზე გოგონას გალის ცენტრიდან იტაცებენ, ნუთუ არ იყო არცერთი სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელი, ან მილიცია, ან პროკურატურა და ა.შ ფაქტობრივად, იმ დღეს და მეორე დღეს ამას არანაირი რეაგირება მათი მხრიდან არ მოჰყოლია. ასეთ დროს უნდა დაგიცვას კანონმა და ძალოვანმა სტრუქტურებმა და საზოგადოებამაც. აქ ჩვენთან რომელი კანონი მოქმედებს ქართველებისთვის, აბსოლუტურად არცერთი. კი ბატონო, კანონი დაწერილია, მიღებულია, მაგრამ მისი შესრულების მექანიზმი არ არსებობს, რადგანაც აფხაზს, აქ ქართველების უფლებების დაცვა არ აინტერესებს. არსებობს მეორე ფაქტორი, მაგალითად, სამართალდამცველი სტრუქტურები აქ იმდენად არიან კორუმპირებულები, რომ მათ მიმართ რაიმე სახის იმედის ქონა, გამორიცხულია“, – ამბობს იგი.

  მისივე განმარტებით, აფხაზეთში მცხოვრები ნებისმიერი ეთნიკურად ქართველი ქალი იქნება თუ კაცი,  არა აქვს მნიშვნელობა, თითქმის, ყველა დაუცველია კანონის, სამართალდამცველი სტრუქტურებისა და ნაწილობრივ  საზოგადოების მხრიდანაც.

  ჩვენი წყაროს თქმით, გალის ცენტრში თითქმის ყოველდღე იკრიბებიან და ღიად  ითხოვენ დამნაშავის დასჯას.

 „ როცა ასე სადისტურად მოკლავენ ახალგაზრდა გოგონას, მის გვამს სადღაც გადააგდებენ და ვერ პოულობენ, აფხაზების რეაქციის არც მიკვირს, ყველას ჰყავს შვილები და ოჯახის წევრები, ისინიც ფიქრობენ. რომ ხვალ თუარა ზეგ ნებისმიერი აფხაზიც შეიძლება ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდეს. აქ ნარკომანია არის ძალიან მაღალ დონეზე და ჯერ კიდევ მოქმედებს „დაუწერელი კანონები“, მოგეხსენებათ, ჩვენთან  თითქმის არაფერი მუშაობს, ახალგაზრდა დაუსაქმებელია, ჩემი აზრით, ამიტომ მათი უმეტესობა ნარკოტიკს მიეძალა და სამწუხაროდ, სხვადასხვა სახის მძიმე დანაშაულს სჩადიან.  მარტო ქართველებზე კი არა, ძალიან ხშირია თავდასხმები რუსულენოვან მოსახლეობაზე, ტურისტებზე და ამ პრობლემის აღმოფხვრა აფხაზებისათვის არის ძალიან რთული“, – ამბობს იგი.

  „როცა ქართული მხარის იურისდიქცია არ ვრცელდება, როცა ე.წ ძმა-ბიჭობა ძალიან მაღალ რანგშია აყვანილი, ასევე, მამა ან ნათესავი გავლენიანი აფხაზია, მაშინ საერთოდ რაზეა ლაპარაკი, ისინი ყველანაირად შეეცდებიან ამ სასტიკი დანაშაულის მიჩქმალვას. ჩემი ვარაუდით,  ამ გოგონას ცხედარს ვერ იპოვნიან, როცა ცხედარი არ არის და მასზე ექსპერტიზა არ ჩატარდება, შეეცდებიან დამნაშავის მდგომარეობის შემსუბუქებას, რაც შეიძლება ნაკლები სასჯელი გამოუტანონ“, – გვითხრა მან.

  ჩვენი წყაროს თქმით, ენგურს გაღმა მცხოვრები ქართველების უმეტესობა უიმედოდ არიან დარჩენილი.

„ასეთი ფაქტების შემყურე საზოგადოება კიდევ უფრო ითრგუნება და კარგავს ყველაფრის რწმენასა და იმედს. როგორ უნდა დავიცვათ თავი ქალებმა და დავიცვათ ჩვენი შვილები, გვეშინია, ყველას შიში გვიპყრობს და ასე გავიდა უკვე 30 წელი და არავინ არ არის ჩვენი პატრონი, მალე 27 სექტემბერს, აქ ყველა გამარჯვებას იზეიმებს და ჩვენც იძულებულები ვიქნებით ამ სიტუაციას შევუერთდეთ, ენგურს გაღმა კი სულ სხვა სურათია“,- ამბობს იგი ჩვენთან საუბარში. 

ქალზე ძალადობის კუთხით მომუშავე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელმა, იურისტმათინა.ტ ანონიმურად დარჩენა ისურვა, მას ბენეფიციარების უმეტესობა აფხაზეთიდან ჰყავს და კარგად იცის ამ მხრივ, მათი პრობლემების შესახებ. 

„ქალები და გოგონები, ზოგადად, მოწყვლადი ჯგუფია, მათი უფლებები მეტ-ნაკლებად ყველგან ირღვევა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს მათ ეთნიკურ წარმომავლობას, ეროვნულ კუთვნილებას, სოციალურ მდგომარეობას, თუ პოლიტიკურ შეხედულებებს, მეორე საკითხია, რომ მდგომარეობა უფრო რთულდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რეალურად, განუკითხაობა და კორუფცია სუფევს. ადამიანები უფრო დაუცველად, ყველასგან მიტოვებულად გრძნობენ თავს, ვერ პოულობენ სამართალს.

 „ქართველ გოგოს ცოლობას თუ თხოვდა, ე.ი სიძულვილი არ ჰქონია ქართველების მიმართ. ის რაც შემდეგ მოხდა, რეალურად სუფთა კრიმინალური ქეისია, (შესაძლებელია, მკვლელობა გაუფრთხილებლობით) რომელსაც დეტალური გამოძიება სჭირდება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რისი მიღწევაც ვერ ხერხდება. სხვათაშორის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებიც გადმოდიან(უფრო იპარებიან), რომ თავი დააღწიონ ძალადობას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვეულებრივ მოვლენად არის მიჩნეული.  ჩვენს თავშესაფარშიც რამდენიმე გვყოლია და დავხმარებივართ, მაგრამ ეს არის დროებითი, სიტუაცია კი უცვლელი რჩება“, – ამბობს იურისტი.

ავტორი:თამუნა შონია

წინა სტატია27 დაღუპულიდან 25 იდენტიფიცირებულია, ძებნის არეალი ამბროლაურამდე გაფართოვდა – მარგველიძე შოვზე
შემდეგი სტატიაზაზა მესხის სამი დაკარგული შვილიდან ერთის ცხედარი ნაპოვნი და ამოცნობილია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური