მოსკოვის ოლქში მომხდარი აფეთქების შედეგად 52 ადამიანი დაშავდა – 6-ის მდგომარეობა მძიმეა

0
161

მოსკოვის ოლქში, სერგიევ-პოსადში მდებარე ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დახმარება 52 ადამიანს დასჭირდა, 20 საავადმყოფოშია, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი კიდევ იყოს.

ხელისუფლების ცნობით, აფეთქება ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ფარდულში მოხდა, სადაც პიროტექნიკური პროდუქტები ინახებოდა. საწყობი კომპანია Piro-Ross-ს ეკუთვნის, რომელიც, ღია წყაროების თანახმად, ფეიერვერკებს და აწარმოებს, ასევე დაკავებულია სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებით.

აფეთქებამ ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის საწარმოო ობიექტების ნაწილი გაანადგურა. საწარმოს ყველა შენობიდან სრული ევაკუაცია გამოცხადდა. აფეთქების ადგილზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. დაზიანდა მიმდებარედ 20 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სკოლები.

დანგრეულია ქარხნის საქვაბეც, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს ცხელი წყლით ამარაგებდა. ამ დროისთვის ცხელი წყლით მომარაგება შეწყვეტილი აქვს 19 საცხოვრებელ კორპუსს, რომელშიც დაახლოებით 11 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

რუსეთის ხელისუფლება არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფეთქება შესაძლოა უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად ყოფილიყო გამოწვეული.

გამომძიებლების თქმით, ინციდენტის მიზეზი ტექნოლოგიური პროცესების დარღვევა გახდა. სისხლის სამართლის საქმე საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის მუხლით აღიძრა

გარემოს მონიტორინგის სამსახურები ამტკიცებენ, რომ ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი არ ფიქსირდება.

შეგახსენებთ, ძლიერი აფეთქება მოსკოვის ოლქში დღეს მოხდა.

წინა სტატიაშოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატია“სიმართლე 2008 წელზე”..მიხეილ სააკაშვილი ინფორმაციას აქვეყნებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური