რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შეყვანა «Пятнашка»-მ უნდა უზრუნველყოს | რეალური გეგმა თუ მითქმა-მოთქმა

0
419

ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე, რომელიც ცნობილია კულუარულ-ექსკლუზიური მასალებით, ვრცელდება რუსეთის იურისდიქციაში ოკუპირებული აფხაზეთის გადასვლის გეგმა, რომელშიც სპეცბატალიონმა «Пятнашка»-მ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, ეს გეგმა ბევრს სრულიად აბსურდულად მოეჩვენოს, რუსეთის ვერაგი და იმპერიალისტური ხასიათის გათვალისწინებით, მაინც აჯობებს, თარგმნილი და გაშიფრული იყოს:

ФСО (დაცვის ფედერალური სამსახური) და თავდაცვის სამინისტრო, უკრაინის მიმართულებაზე რესურსების შესუსტების ფონზე, თავიანთ თავზე იღებენ სოჭის, აფხაზეთისა და ვლადიკავკაზის მიმართულების ყველა სარკინიგზო კვანძის გაძლიერებულ დაცვას.

გაძლიერებული დაცვა შეეხება ასევე როსტოვის ოლქს, კრასნოდარის, სტავროპოლის მხარეებს, ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთს. გაძლიერებული დაცვა საჭიროა აფხაზეთისკენ საბრძოლო ტექნიკის, მობილიზებულების, საბრძოლო მასალების კომპლექტების გადასროლისთვის.

ამასთან, საინჟინრო ჯარები მიიღებენ მითითებას მოამზადონ ეს კვანძები და სარკინიგზო მაგისტრალი, გაზარდონ მათი გამტარუნარიანობა და გააძლიერონ უსაფრთხოების კონტროლი მუხლუხოიანი მძიმე საბრძოლო ტექნიკისა და გამწევების გადასატანად.

თავის მხრივ, “პიატნაშკას” მეთაური ახრა ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე ამზადებს იატაკქვეშა ჯგუფებს და ტერიტორიული თავდაცვის ძალებს ადგილობრივ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან ერთად, რათა ერთ დღეს მოქმედება დაიწყოს.

ამ გეგმის მიხედვით, ავიძბა, კადიროვის მიბაძვითა და მისი უშაულო ჩართულობით, გუდერმესში მოამზადებს მებრძოლთა ჯგუფებს მოიერიშეებისა იმ ადამიანთა პირადი დაცვის უზრუნველსაყოფად,რომლებიც “ახალ აფხაზეთში” გადაწყვეტილებათა მიმღები პირები იქნებიან.

ამ ოპერაციის მოსამზადებლად პირადი შემადგენლობის რიცხოვანება 4.500 წევრითაა განსაზღვრული, სადესანტო-მოიერიშე ჯგუფებს “პიატნაშკა” და როსგვარდიის დანაყოფები მოამზადებენ “აღმოსავლეთის” ბატალიონის მეთაურის ხოდარკოვსკის ხელმზღვანელობით, რომელსაც ავიძბა ამ ოპერაციაში ჩართვას უპირებს.

წყაროების მიხედვით, ამ დღეებში ახრა ავიძბამ უკვე დაიწყო ვიზიტები მოსკოვში ცალკეულ მაღალჩინოსნებთან, კაბინეტებში, რამაც კრემლში ბევრი გააოცა და დაიწყეს სიტუაციაში გარკვევა.

ამ რამდენიმე დღის წინ ახრა ავიძბა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და პოსტსაბჭოთა სივრცის კურატორებს შეხვდა, ამბობენ, რომ ის დიმიტრი მედვედევსაც წარუდგინეს, სადაც “ვაგნერის” ჩრდილში გადასვლის გამო მისი გასამხედროებული რესურსის შესაბამის სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობა განიხილეს.

განხილული იყო ასევე, თითქოსდა აფხაზეთში მზადების პროცესში მყოფი სამხედრო გადატრიალების გეგმა, რომელიც მზადდება “თურქეთის მიმართულებით არსებული ტოტალური კორუფციის აღკვეთის საბაბით”.

ტელეგრამ-არხის ცნობით კი, რომელიც ამ დეტალებს ახმოვანებს, ავიძბა რუსებს დაჰპირდა მისი მონაწილეობით აფხაზეთის სწრაფ ინტეგრაციას რუსეთის შემადგენლობაში, ახალი რესპუბლიკის სახით, რაც რუსეთს შავ ზღვაზე ახალ პორტებს “მოუტანს” (რასაკვირველია, ეს არა ავიძბას, არამედ მისი მფარველების იდეაა).

ახრა ავიძბა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარ პერსპექტივებზე ვაჭრობს, ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს და აფხაზეთში, საქართველო-რუსეთის საზღვართან, ფსოუს სიახლოვეს, ტერიტორიული თავდაცვის რაზმების შექმნის ნებართვას ამბოხების პირველ თვეებში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახრა ავიძბა იმისთვისაც მიიყვანეს, რომ მას გადაეცა თავისი ბატალიონის იმ 23 წევრის სია, რომლებიც უკრაინაში არიან დაკავებული და ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე აიყვანეს. არის ვერსია, რომ უკრაინას ამ 23 ადამიანის გაცვლას მოსთხოვენ, მაგრამ ეს ძნელი იქნება, რადგან ისინი უკრაინაში სასჯელს იხდიან დანაშაულებრივი შეიარაღებული ჯგუფების შექმნისა და სხვადასხვა მძიმე ბრალდებებით. თუმცა, თუ გამოვა ისე, რომ ახრა ავიძბა თავისა ერთგულ ხალხს დაიბრუნებს, ისინი თავდაპირველად ე.წ. დნრ-ის მოხალისეებს შეუერთდებიან, შემდეგ კი ახალ პროექტში ჩაერთვებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საუბრის დროს, ახრა ავიძბა ცდილობს დაარწმუნოს მაღალჩინოსნები, რომ ახალი გასამხედროებული ფორმირება “ვაგნერზე” უარესი არაფრით იქნება, ხოლო ის, ვინც თავდაპირველ ეტაპზე დაუჭერს მხარს მისი შექმნის იდეას, სერიოზულ ძალისმიერ რესურსს მოიპოვებს.

ბოლოთქმის მაგიერ: სექტემბრის დასაწყისში, გაგრის პორტს საბერძნეთიდან მიადგება იახტა, რომლის ღირებულება დაახლოებით 840.000 დოლარია. ტელეგრამ-არხის ცნობით, ეს იქნება საჩუქარი კომანდანტე ახრასთვის რუსი ხალხისგან, რომელმაც “პიატნაშკას” ფული შეუგროვა.

  • ლაშა ბერულავა, რუსულ-აფხაზური ტელეგრამ-არხების მიხედვით
წინა სტატია,,ეს ქვეყანა შენია,, საინტერესო სტუმრებთან ერთად. გადაცემა VIII [Video]
შემდეგი სტატიაკაპიტოლიუმზე​ შტურმის საქმეზე დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური