კაპიტოლიუმზე​ შტურმის საქმეზე დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს

0
164

აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულისთვის ბრალი წაუყენეს – ის ვაშინგტონის სასამართლოში 3 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს. საქმე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა, რასაც კაპიტოლიუმში შეჭრა მოჰყვა.

საქმეს სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი იძიებს, რომელმაც ტრამპს ბრალი 4 პუნქტში წაუყენა და მათგან 2 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

შეთქმულება აშშ-ის მოტყუების მიზნით;
შეთქმულება ოფიციალური პროცედურების შეფერხების მიზნით;
სამსახურებრივი პროცედურების დაბრკოლება და ხელის შეშლის მცდელობა;
შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით.
ტრამპის გარდა, ბრალი წაუყენეს კიდევ 6 პირს, რომელთა ვინაობა საბრალდებო დასკვნაში მითითებული არ არის.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალს უარყოფს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ეს მის წინააღმდეგ აღძრული რიგით მესამე სისხლის სამართლის საქმეა. წინა საქმეები საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასა და პორნოვარსკვლავ სტრომი დენიელსისთან რომანს ეხება.

კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები 2021 წლის 6 იანვარს, მაშინ შეიჭრნენ, როცა აშშ-ს კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. ტრამპის მხარდამჭერები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და ამბობდნენ, რომ ის გაყალბდა. კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე, მათ დონალდ ტრამპმა სიტყვით მიმართა.

დაპირისპირების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ამავე წლის 14 იანვარს, ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით დონალდ ტრამპს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორედ გამოუცხადა იმპიჩმენტი, თუმცა იმპიჩმენტს სენატმა მხარი არ დაუჭირა.

წინა სტატიარუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შეყვანა «Пятнашка»-მ უნდა უზრუნველყოს | რეალური გეგმა თუ მითქმა-მოთქმა
შემდეგი სტატიამსოფლიომ პასუხი უნდა გასცეს – ზელენსკი ოდესაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური