ქართული ენის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი ოკუპირებულ აფხაზეთში

0
560

  ახალი სასწავლო წლიდან, გალის ქართულენოვან სკოლებში სწავლება, ქართულ ენაზე შეწყდება და სწავლის პროცესი მთლიანად რუსულ ენაზე გადადის.
  17 წლის ნათია. კ გალის დაბალი ზონის ერთ-ერთ სკოლის უკვე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. პირველი სექტემბერიდან მას სკოლაში ქართულ ენას, როგორც უცხო ენას, ისე ასწავლიან.
  „აქ სკოლაში წასვლა ყველას გვიხარია, რადგანაც ჩვენთვის ერთადერთი ადგილია, სადაც ვიკრიბებით, წელს ნამდვილად არ მიხარია სკოლის პროცესი, თავს დამცირებულად ვგრძნობ, შარშან რომ დამემთავრებინა სკოლა ქართულ ენაზე ბევრად უკეთესი იყო, რადგანაც უკვე ქართული ენა საერთოდ აგვიკრძალეს“, – ამბობს იგი.
  ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში, ქართულად სწავლება მე-11 კლასის ჩათვლით აიკრძალა.
   ეს გადაწყვეტილება აფხაზურმა მხარემ 2015 წელს მიიღო და პროცესი ამ დრომდე ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ქართულენოვანი სკოლების შემცირება 1992 -93 წლებში ომის შემდეგ, 1994 წლიდან დაიწყო. მაგალითისთვის, თუ ომამდე პერიოდში გალის რეგიონში, 50 -ზე მეტი ქართული სკოლა ფუნქციონირებდა.  2015 წლიდან ეს რიცხვი 11-მდე შემცირდა.

ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი დანარჩენ საქართველოსთან

ამ პერიოდიდან, აფხაზეთის დე -ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება ძირითადად დაწყებითი კლასებიდან დაიწყო და სკოლებში ნელ-ნელა სწავლება რუსულ ენაზე გადავიდა. ოკუპირებული აფხაზეთის გალის რეგიონში ძირითადად ქართულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს.

 

  აფხაზური მხარის 2020 წლის მონაცემებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 225 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქედან 47 ათასი ეთნიკურად ქართველია და მათი უმეტესობა დაახლოებით 45 ათასი, გალის რეგიონში ცხოვრობს, 41 ათასი სომეხი, სამი ათასამდე რუსი და 89 ათასი აფხაზი.
   შედარებისთვის, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში არცერთი ქართულენოვანი სკოლა არ ფუნქციონირებს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 50 სკოლაში სწავლება აფხაზურად მიმდინარეობს, 45 სკოლაში აფხაზურ-რუსულად და 25 სკოლაში კი სომხურ ენაზე.
   ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ძალიან მტკივნეულია, როცა აფხაზური საზოგადოება გალში მიმდინარე რუსიფიკაციის პროცესს ვერ ხვდება.
„გალის რუსიფიკაციის პროცესი, აფხაზების წინააღმდეგ იმუშავებს. გალის რაიონის დე ფაქტო გამგებელი კონსტანტინე ფილია მკაფიოდ ამბობს, რომ არასწორი პოლიტიკაა თითქოს ქართულ მოსახლეობას აფხაზეთში უფლებები ეზღუდება. ეს არის აბსოლუტურად მცდარი და კონტრპროდუქტიული მცდელობა დააკარგვინონ გალელებს ქართული ენა, იმიტომ რომ დანარჩენი საქართველო სულ ცოტა გვერდზე მაინცაა, საქართველოს თავისი კულტურა და გავლენა აქვს, ტელევიზიები, ინტერნეტი, საგანმანათლებლო სისტემა, წიგნები და ა.შ, შეუძლებელია ქართული ენა და ცნობიერება ჩაანაცვლო, რაღაც შორს არსებული რუსული ცნობიერებით. საბოლოო ჯამში, ვერანაირი რუსიფიკაცია ვერ მოხდება“, -ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.  მისი აზრით, ყველაზე ცუდი ვარიანტის შემთხვევაში, რაც შეიძლება ასეთ დროს მოხდეს, ხალხი დატოვებს გალს, რეგიონს და დარჩება ისე, როგორც დღეს ოჩამჩირეა დაცარიელებული.
„ახალგაზრდები რეგიონიდან გავლენ და მოხუცები დაბერდებიან, დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა მაგრამ გარდაიცვლებიან და გალი დარჩება ცარიელი. გააუდაბნოებენ გალს, ამ მშვენიერ რეგიონს, რომელიც არის წალკოტი ეკონომიკისთვის და ზოგადად ყველაფრისთვის“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
როგორც იგი დასძენს, როცა სახელმწიფო მოხელე იყო, მაშინაც ხმამაღლა ამბობდა და დღესაც იგივეს ფიქრობს, რომ აფხაზეთში ქართველი მასწავლებლების ხელფასი გაორმაგებული უნდა იყოს.
ჩვენ შევძელით ტელეფონის საშუალებით ენგურს გაღმა მცხოვრებ მასწავლებლებს დავკავშირებოდით. უიმედოდ დარჩენილები ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი ეთნიკურად ქართველებისთვის, ომის ტოლფასი გახდა.

ყოფილი ქართულენოვანი სკოლა ოკუპირებულ აფხაზეთში

„რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საფრთხის შემცვლელია, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის. სკოლაში კომუნიკაცია ერთმანეთში მეგრულად და რუსულად გვიწევს, ბავშვებს არეული აქვთ  ყველა ენა, ამას ემატება აფხაზური, რომელსაც ასწავლიან, რუსულად ყველა გაკვეთილი, ინგლისურიც დამატებით და ქართული ენა, როგორც უცხო ენა“, -გვეუბნება ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი ნინო. ქ.

   მისი თქმით, მის შვილსაც უჭირს უკვე ქართულად საუბარი და აზროვნება, მიუხედავად იმისა, რომ სახლში მხოლოდ ქართულად საუბრობენ.
„სულ ვამბობ, რომ გარუსებას თურმე დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, სამწუხაროდ, ეს მწარე რეალობაა, რომელთანაც გამკლავებაში ჩვენ უძლურები ვართ, აქ, ამ ჩაკეტილ სივრცეში. ქართული ხელისუფლებისგან მხოლოდ აღშფოთება გამოითქვა, როგორც ჩვევიათ ხოლმე, საერთოდ არავინ დაგვკავშირებია. ეს პროცესი წლების წინ დაიწყო, სად იყვნენ მანამდე ან სად არიან ახლა, ჩვენ ყველასგან მივიწყვებულები ვართ კონფლიქტის ზონაში“, -ამბობს გულისტკივილით მასწავლებელი.
„ჩვენი შრომა გაათმაგდა, ბავშვებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, უცებ ყველა საგნის რუსულ ენაზე სწავლება ურთულესია, ასევე მასწავლებლებისთვისაც. ჟურნალში რასაც წინათ ქართულად ვწერდით, ახლა რუსულად ვწერთ, ჩვენც ძალიან გვიჭირს“, -დასძენს იგი.
ისტორიის მასწავლებელი ციალა. ჯ 46 წელია სკოლაში მუშაობს, ომის დროს საზღვრისპირა სკოლაში ასწავლიდა და ომის დასრულების შემდეგ მალევე ისევ საკუთარ სოფელს გალის რეგიონში დაუბრუნდა.
მისი თქმით, ახლა რაც ხდება გალის რეგიონში, ქართული  ენის აკრძალვასთან დაკავშირებით, ყველასთვის მიუღებელი და საგანგაშოა.
„ 2015 წელს აფხაზეთში რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „რუს-თანამშრომლობა“ დაფუძნდა, მათი მიზანი იყო არამარტო გალის რაიონში, არამედ მთელ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ენის სწავლების გაძლიერება. პირველი, რაც გააკეთეს ჩავიდნენ გალის ქართულენოვან სკოლებში, გადაამზადეს მასწავლებლები და გახსნეს რუსული ენის კაბინეტები, შემოიტანეს და დაარიგეს ლიტერატურა და აქედანვე მიზანმიმართულად დაიწეს ქართული ენის ამოძირკვა“, – ამბობს ციალა ჯ.
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ხშირად საუბრობენ ენგურს გაღმა მცხოვრები ქართველები, არის საბუთების არქონა. ე.წ ბინადრობის მოწმობა და აფხაზური პასპორტი აფხაზეთში მცხოვრებმა ეთნიკურად ქართველებმა იძულების წესით აიღეს, რადგანაც ამ საბუთების გარეშე მათ გადაადგილება დროებით საზღვარზე შეზღუდული აქვთ.
აღნიშნულ პრობლემაზე სასაუბროდ სატელეფონო საშუალებით, გალის დაბალი ზონის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელს, ლ.კ -ს (შეცვლილი ინიციალები) დავუკავშირით, რომელიც წლების განმავლობაში სოფლის რწმუნებულად მუშაობდა.
„ბოლო მონაცემებით, ბინადრობის მოწმობა აღებული აქვს დაახლოებით 27 ათას ქართველს, მაგრამ რადგანაც ბინადრობის მოწმობას აქვს გარკვეული ვადა, ხუთი წელი, ვისაც ამოეწურა დადგნენ პრობლემების წინაშე, რადგანაც თავიდან აღებას გარკვეული დრო სჭირდება და ამ პერიოდში ვერ ახერხებენ ენგურს გაღმა გადასვლას. გამოდის რომ,  იძულებულებს გვხდიან ავიღოთ მასიურად აფხაზური პასპორტი. მაქვს ინფორმაცია,  რომ დაახლოებით შვიდი ათასამდე აფხაზური პასპორტია ქართველებზე გაცემული. ეს ყველაფერი კი მიმართულია იმისკენ, რომ აფხაზეთიდან ქართული ცნობიერება განიდევნოს“, – გვეუბნება იგი.

აფხაზური პასპორტი
„მაგალითად, თუ 1993 წელს ჩვენ იქიდან ძალით გამოგვყარეს, მერე 1998 წელს ეს პროცესი ხელმეორედ განმეორდა და ორჯერ სახლ-კარ გადამწვარი ხალხი მაინც თვითნებურად დავბრუნდთ და ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ, მიხვდნენ აფხაზები და რუსები, რომ ძალის გამოყენებით ჩვენთან არაფერი გამოვა და ამ გზით შემოგვიარეს. კი ბატონო, ახლა არავინ გადაგიწვავს სახლს, არავინ მოგკლავს, მაგრამ, ყველაზე მთავარს, ქართულად აზროვნების უნარს გვართმევენ. ეს არის ყველაზე ვერაგული და მზაკვრული გზა“, – ამბობს იგი.
„პატარა მაგალითს მოვიყვან, დღეს აფხაზეთში ცხოვრობს 45 ათასი სომეხი, და მათ აქვთ 25 სკოლა სომხურ ენაზე, იგივე 45 ქართველი ხომ ცხოვრობს აფხაზეთში, დღეს უკვე ერთი ქართულენოვანი სკოლა არ გავქვს. ჩვენი ამბავი მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ასეთი არაადამიანური პირობები შეგვიქმნეს, წაგვართვეს მშობლიურ ენაზე სწავლების უფლება  და მალე ერთმანეთში ქართულ ენაზე საუბარსაც აგვიკრძალავენ“.
სამი შვილის დედას,  47 წლის თამილა. ჯ-ს სხვა მშობლების მსგავსად, აღნიშნული პრობლემა ყველაზე მეტად აწუხებს.
„ადამიანი რა ენაზეც სწავლობს, იმ ენაზე ეჩვევა აზროვნებას, რადგანაც ჩვენთან 11 ქართული სკოლა იყო, ბავშვები ყველა საგანს ქართულად სწავლობდნენ, ასეთ სიტუაციაში უნდოდათ თუ არა აფხაზებს და რუსებს მაინც ბავშვებში ქართული აზროვნება და ცნობიერება ყალიბდებოდა“, – ამბობს იგი ჩვენთან საუბარში.
მისი თქმით, როცა მშობლიურ  ენაზე სწავლას გიზღუდავენ და ამ ფორმით ადამიანის უფლებები მთლიანად ირღვევა, შეუძლებელია ენგურს გაღმა დასარჩენად რაიმე სახის ხელჩასაჭიდის პოვნა.
   შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, დღემდე გრძელდება ოკუპირებულ გალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის,  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უხეში დარღვევა.
„აღნიშნული ფაქტი, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს და პრინციპებს. მსგავსი უკანონო ქმედებები წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კვალის განადგურებასა და მოსახლეობის ასიმილაციას ისახავს მიზნად“, – აცხადებს მინისტრი თეა ახვლედიანი.

სტატიის ავტორი: ჟურნალისტი თამუნა შონია

წინა სტატიაორი ლუზერის გაერთიანებით ვერაფერი შეიცვლება – კალაძე ენმ-სა და “სტრატეგია აღმაშენებელზე”
შემდეგი სტატია“ყირიმის ხიდი უკრაინის სამიზნეა, რომელიც უნდა განეიტრალდეს… ოკუპანტები მას იარაღის გადასატანად იყენებენ” – ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური