“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და მოღალატე კიდევ ერთხელ უწოდა:
“დღეს საპარლამენტო ტრიბუნაზე, თქვენი სახით დგას ქვეყნის მოღალატე, რომელიც საქართველოს მიზანმიმართულად ართმევს ევროპულ მომავალს. ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია, რადგან ქვეყნის ერთადერთი ეროვნული ინტერესი დღეს, ევროპული ინტერესია. ქვეყნის ღალატია, რომ პირადად თქვენ ომს NATO-ს აბრალებთ და ახლა უკვე ჩვენ, ქვეყნის ღალატია ჩვენი ეკონომიკის ტერორის რუსეთზე ჩამოკიდება, ქვეყნის ღალატია ჩვენი ტერიტორიის რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის არიდების დერეფნად გამოყენება, ქვეყნის ღალატია რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების დაშვება, ქვეყნის ღალატია მალული მოლაპარაკებების გზით საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, ქვეყნის ღალატია რუსული კანონის მიღების მცდელობა, ქვეყნის ღალატია მეორე ფრონტის მითის მოგონება, ქვეყნის ღალატია ევროკრეკომენდაციების მიზანმიმართული უგულებელყოფა, ქვეყნის ღალატია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში გამომწყვდევა პუტინის საამებლად, როცა მთელი თავისუფალი სამყარო მისი გათავისუფლებისკენ მოგიწოდებთ, მაგრამ მიშა სააკაშვილის ყველგან და ყოველთვის ეშინოდა ბიძინა ივანიშვილს და ეშინია დღესა, ციხეშიც, თავისუფლებაზეც, უკრაინაშიც, საქართველოშიც, ჯანმრთელიც და ფიზიკურად დასუსტებული, რადგან იცით რომ თანაბარი წესების თამაშით მასთან დამარცხდებით. პოლონელი ექიმების მასთან შეშვების სამარცხვინო ბიუროკრატიული ხრიკებით გაჭიანურება კი მისი მოწამვლის კვალის დამალვას ემსახურება, რადგან აქაც გეშინიათ, სიმართლის გეშინიათ და ამიტომ გეშინიათ ხალხისაც, გეშინიათ ახალგაზრდების, თავად მონურ მორჩილებაში გეშინიათ მათი თავისუფლების”, – მიმართა ბოკუჩავამ ღარიბაშვილს.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა დღეს პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა. ამ წუთებში პრემიერმინისტრს დეპუტატები კითხვებს უსვამენ.