როგორ იპოვეს დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამი – დეტალები

0
364

გუშინ, დაახლოებით 15:00 საათის შემდეგ მშობლებმა და ოჯახის წევრებმა დაიწყეს 11 წლის მარიამის ძებნა, რომელიც დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში ცხოვრობდა. 

თავდაპირველი ინფორმაციით, გოგონა ბოლოს მწვანე სკოლასთან ნახეს, მას მწვანე მაისური და ჯინსის ბრიჯები ეცვა. მარიამი სკოლიდან სახლში მიოვიდა და დედას უთხრა, რომ ტელეფონი დაკარგა, რომელზეც სახლის გასაღებიც იყო გამობმული, დედის მიერ შენიშვნის მიცემის შემდეგ კი განაწყენებული გავიდა სახლიდან. 

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მას ძმა დაედევნა, თუმცა მარიამმა, რომელიც მიმალვას ცდილობდა, შეძლო, მისგან შეუმჩნევლად მიმალულიყო. როგორც ცანს, განაწყენებული მოზარდი თავის სახლთან ახლოს, მაგრამ ახლობლებისთვის შეუმჩნევლად დაიმალა ან უმისამართოდ დადიოდა ქუჩებში, რათა დროებითი გაუჩინარებით ოჯახის წევრები “დაესაჯა” და მათზე შური ეძია. 

როცა ძმა შინ დაბრუნდა და განაცხადა, რომ მარიამი მისი თვალთახედვის არიდან გაქრა, მშობლებმა და ახლობლებმა პოლიციას მიმართეს. ასევე გაირკვა, რომ მარიამს ადრეც ჰქონია მსგავსი შემთხვევა, როცა სახლიდან, უმნიშვნელო მიზეზით, განაწყენებული გავიდა, ეძებდნენ და რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იქვე, სახლთან ახლოს, სადარბაზოში, ფიცრებში შემძვრალი და დაძინებული იპოვეს. 

მაგრამ სანამ ეს დეტალები გაირკვეოდა, ინფორმაცია გოგონას დაკარგვის შესახებ სწრაფად გავრცელდა, დიდ დიღომში ქუჩაში გამოვიდა თითქმის ყველა ასაკის ადამიანი, მოდიოდნენ სხვადასხვა უბნებიდანაც, შეიქმნა ჯგუფები, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს უზიარებდნენ შემოწმებული ადგილების ლოკაციებს: მარიამს ეძებდნენ როგორც დიდ დიღომში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე, კიკვიძის პარკთანაც კი.

მოხალისეებმა დაბეჭდეს პოსტერები მარიამის ფოტოთი, დიღომში შემოწმდა ტყე-პარკი, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, მოლის უკან მდებარე ფართობი, მშენებარე კორპუსები. სამშენებლო კომპანიები ახვევდნენ სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებს, სახურავებზე მუშაობდა მაშველთა ჯგუფი, მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და კინოლოგიური სამსახური.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ბავშვი თავის საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ძაღლის ბუნაგში, მძინარე იპოვეს – როგორც ჩანს, ბავშვი ძაღლის პატარა სახლში შეძვრა, სადაც მოგვიანებით ჩაეძინა (ახლობლები აღნიშნავენ, რომ მარიამს ნერვიულობისა და სტრესის დროს ღრმად ჩაძინება ახასიათებს და მსგავსი შემთხვევა ადრეც ყოფილა).

გავრცელებული ინფორმაციით, მარიამი კინოლოგიური სამსახურის ძაღლმა იპოვა. 

წინა სტატიაუკრაინაში ომის 479-ე დღე გათენდა – სად რა ხდებოდა ღამით
შემდეგი სტატიადღეს საქართველოს ნაკრები კვიპროსს დაუპირისპირდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური