ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ 2024 წლის არჩევნებისთვის. წერილის ასლი “ამერიკის ხმამ” მოიპოვა.
სენატორები საქართველოში სადამკვირვებლო მისიის შექმნას ითხოვენ იმისთვის, რომ “მათი დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, მხარი დაუჭიროს საქართველოს და ქართველ ხალხს”. ისინი ადმინისტრაციას ასევე მოუწოდებენ, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები პრიორიტეტად დაისახონ.
“საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება, ჩვენს [შეერთებული შტატების] ეროვნულ ინტერესებში შედის. საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე, კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია. მაგრამ, მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ვთხოვოთ, საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს”, – აცხადებენ სენატორი რიში და სენატორი შაჰინი.
სენატორების აზრით, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის მაჩვენებელია ისიც, რომ ევროკომისიამ არჩია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა. ისინი ასევე საუბრობენ მარტში პარლამენტში ინიცირებულ “რუსულ კანონზე”.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო შემოთავაზებული კანონმდებლობის ჩაგდებით, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ამ კანონპროექტის წარდგენა და [პარლამენტის მიერ] მისი დაჩქარების მცდელობა, გამოცხადებული ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის შემაშფოთებელი ნიშანია” – ნათქვამია წერილში.
“ამერიკის ხმის” ცნობით, სენატორები ადმინისტრაციას სათანადო ფინანსური რესურსის მიმართვას სთხოვენ, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს და სურვილები დააკმაყოფილოს. ამ ძალისხმევისთვის, სენატორები საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის ეროვნულ ფონდს, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) “მჭიდრო კონსულტაციის” ქონას სთხოვენ.