უკრაინა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის კოალიციის შექმნას გეგმავს – ზელენსკის დავალებით ომბუდსმენმა შეხვედრა გამართა

0
181

უკრაინის სახალხო დამცველი ოფიციალური თბილისის პასუხის მოლოდინშია – ომბუდსმენი მესამე პრეზიდენტთან შესვლას ითხოვს. მან შესაბამისი დოკუმენტაციის იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა.

უკრაინის სახალხო დამცველის ოფისში დღეს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტის ოპოზიციის დეპუტატები.

შეხვედრას დისტანციურად დაესწრო მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, რომელმაც უკრაინის სახალხო დამცველს კლინიკა “ვივა მედიდან” ბოლო ცნობები მიაწოდა.

ცნობილია, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის კოალიციის შექმნა იგეგმება.

“ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან აქ განვიხილავთ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თავისუფლებისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს, მიხეილ სააკაშვილს. გაჟღერდა ძალიან ბერი მნიშვნელოვანი წინადადება, თუმცა ყველაზე საინტერესო კოალიციის შექმნის საკითხი, რამშტაინის ფორმატის ანალოგი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის იმუშავებს, სააკაშვილს ტყვეობაში ტოვებს მოსკოვი და მასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალებით”, – თქვა ფრაქცია “ხალხის მსახურის” დეპუტატმა, ოლეგ დუნდამ.

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერის ასოციაციის დირექტორი, იგორ დირი ამბობს, რომ შესამუშავებელია კონკრეტული მექანიზმები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის დასრულებაში დაეხმარება:

მხარდაჭერას ვუცხადებ მიხეილ სააკაშვილის და ვისურვებ აღარ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობა და მკურნალობამ დადებითი შედეგ გამოიღოს, თუმცა იმავდროულად ჩვენ კარგად ვიცით, რომ აუცილებლად შესამუშავებელია კონკრეტული მექანიზმები, რითაც დავეხმარებით მისი პატიმრობის დასრულებას. განვიხილეთ სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა მე ვისურვებდი, რომ მის შემთხვევაში ამოქმედდეს საერთაშორისო უფლებადაცვით ღონისძიებები, საერთაშორისო სამართლის ზომები, რადგან საერთაშორისო სამართლის ნორმები განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის ნორმებით არის უნივერსალური, ამიტომ ვისურვებდი ეს ზომების საქართველოში სრულფასოვნად მოქმედებდეს.

შეხვედრის მონაწილეებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მიუხედავად ომისა უკრაინის პრეზიდენტი ყოველთვის პოულობს დროს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

კობა ნაყოფიამ შეხვედრაზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს დარჩა ძალიან ცოტა დრო და სჭირდება დახმარება, რომ გადარჩეს.

უკრაინული მხარეც ახლა საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მოლოდინშია.

წინა სტატიაპრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს, ათონელზე, კონცერტი “ევროპისათვის” გაიმართება
შემდეგი სტატიააპირებს უწყებებს ხელახლა მიმართოს – უკრაინის ომბუდსმენს მიხეილ სააკაშვილის მონახულება სურს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური